Aa
Aa

ლიონი VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ

დღის მეორე შეხვედრის მსგავსად, „ლიონისა“ და „ბარსელონას“ საფრანგეთში გამართული დაპირისპირებაც უგოლო ფრით დასრულდა, რაც კატალონიელებს წყვილში შესამჩნევ უპირატესობას ანიჭებს.

„ბარსა“ მთელი მატჩის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდა და თამაშს საკუთარი კარნახით წარმართავდა, არაერთი მომენტიც შექმნა, თუმცა „ლიონმა“ დაწოლას ბოლომდე გაუძლო.

ფრანგების დამრიგებელი, ბრუნო ჟენეზიო თვლის, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შენარჩუნებული აქვს.

ჟენეზიო: „ვფიქრობ ტექნიკური წუნი გვქონდა, რაც განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა. თავს კარგად ვიცავდით და დაცვიდან თამაში გვიწევდა, თუმცა ზოგ მომენტში უკეთესაც რომ გვეთამაშა მოწინააღმდეგეს უფრო მეტ პრობლემას შევუქმნიდით. ბურთს მალევე ვკარგავდით და შედეგად შეტევების ტალღებს ვიღებდით. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ჯერ კიდევ თამაშში ვართ და განმეორებით შეხვედრას ველით. გამარჯვების შანსი ისევე გვაქვს, როგორც ბარსელონას.“

ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, მისი გუნდი საკუთარ მოედანზე ძლიერია, თუმცა გასვლაზე პირველ მატჩში ნათამაშები 0:0 საკმაოდ სახიფათო რეზულტატია. მან საპასუხო შეხვედრისთვის ფანების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

ვალვერდე: „„საკუთარ მოედანზე ძლიერები ვართ, თუმცა 0:0 ძალიან საშიში შედეგია. კამპ ნოუზე ჩვენი გულშემატკივარის დახმარება დაგვჭირდება. ჩემი აზრით კარგად ვითამაშეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, რადგან გამარჯვებისთვის საკმარისი გავაკეთეთ, უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო.“

„ბარსელონასა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი 13 მარტს, „ნოუ კამპზე“ ჩატარდება. დავამატოთ ისიც, რომ გუნდებს შორის უკვე 7 ურთიერთშეხვედრაა გამართული და მათგან „ლიონს“ არცერთი არ მოუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები