Aa
Aa

"სენტ-ლუისმა" გოლი მაშინ გაიტანა, როცა "დალასის" მეკარე ტრავმის გამო ყინულზე იწვა

„სენტ-ლუის ბლუზი“ „სტენლის თასისთვის“ ბრძოლას განაგრძობს. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის რიგით მეექვსე შეხვედრაში მისურელებმა „დალას სტარსი“ 4-1 დაამარცხეს და ანგარიში გაათანაბრეს - 3 – 3.

გადამწყვეტი მომენტი მესამე პერიოდში დაფიქსირდა და მას ამერიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წუთით ადრე „დალასის“ მეკარეს, ბენ ბიშოპს, კოლტონ პარაიკოს დარტყმული შაიბა მკერდში მოხვდა. ტექსასელთა კარის დარაჯმა დაზიანება მიიღო და ყინულზე დაეცა. „სენტ-ლუისის“ მოთამაშეებმა ამით მშვენივრად ისარგებლეს, მსაჯებმა თამაში არ გააჩერეს და „ბლუზმა“ მესამე გოლი შეაგდო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შეხვედრის არბიტრებმა NHL-ის წესდების მერვე პუნქტის პირველი პარაგრაფის მიხედვით იმოქმედეს - „თუ ჰოკეის მოთამაშე დაზიანებას მიიღებს და სათადარიგო სკამთან მისვლა არ შეუძლია, მატჩი არ ჩერდება, სანამ შაიბის კონტროლს მისი გუნდი არ დაისაკუთრებს“.

აღსანიშნავია, რომ ამავე პუნქტის მიხედვით არბიტრს შეუძლია თამაში გააჩეროს თუ თვლის, რომ მოთამაშემ მძიმე დაზიანება მიიღო. როგორც ჩანს მსაჯთა ბრიგადისთვის ბიშოპის ტრავმა არც თუ ისე სერიოზული "გამოდგა". "სტარსის" კიპერი ყინულზე დარჩა, თუმცა რამდენიმე წამში კიდევ ერთი გოლი გაუშვა და „დალასის“ სამწვრთნელო შტაბმა მისი გაყვანა გადაწყვიტა.

ცხელი ამბები