კაშია:''მსაჯზე არ ვისაუბრებ...დანიამ ყველა კომპონენტში გვაჯობა''
Aa
Aa

კაშია:''მსაჯზე არ ვისაუბრებ...დანიამ ყველა კომპონენტში გვაჯობა''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში დანიამ ''ტელია პარკენზე'' საქართველოს ნაკრები 5:1 გაანადგურა, თუმცა მთავარმა არბიტრმა დანიელთა მეორე და მესამე გოლებისას საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. საბა ლობჟანიძის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ არბიტრმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ერიქსენმა შეაგდო.

გურამ კაშია:''არბიტრმა მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო, ამ ასპექტშიც არ გაგვიმართლა, მაგრამ დანია ყველა კომპონენტში ჩვენზე კარგად თამაშობდა, მეტოქემ გვაჯობა. ბევრი ორთაბრძოლები წავაგეთ, პოზიციურად კარგად არ გვითამაშია, დანიამ შესანიშნავად ითამაშა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

მხოლოდ მსაჯზე საუბარი არ მინდა, რადგან კიდევ 3 გოლი გავუშვით. პრობლემა იყო ის, რომ თამაშისთვის მზად არ ვიყავით.

გამოჩნდა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლოს ორი წელიწადი ჩვენთან იყვნენ, ძალიან გვაკლია. იგივე ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, სოლომონ კვერკველია, გიორგი ჩაკვეტაძე. ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, არ შეიძლება გუნდი, როგორიც საქართელოა, ამდენი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდეს.''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველომ მხოლოდ გიბრალტართან აიღო ქულები, თუმცა შვეიცარიასთან, ირლანდიასთან და დანიასთან დამარცხდა. დანიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი 3 ქულა ''ტელია პარკენზე''  საქართველოსთან მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები