პიონტეკი:
Aa
Aa

პიონტეკი: "BOOM! BOOM! ამ ჟესტმა ყველა გააგიჟა"

იტალიური „მილანის“ პოლონელი ფორვარდი, კშიშტოფ პიონტეკი, სერია A-ს ახალ სეზონს დიდი იმედებით ხვდება. 24 წლის შემტევი გამოცემა ESPN-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გოლების გასატანადაა დაბადებული და „როსონერიშიც“ სწორედ ამ მიზნით გადავიდა.

„საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრი გოლის გატანას ველი. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ გასული სეზონი საკმაოდ შედეგიანი გამომივიდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სერია A-ში გოლების გატანა რთულია, თუმცა როცა „ჯენოაში“ გადავდიოდი, მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა.

იტალიაში გადმოსულს მუდმივად მესმოდა, რომ თავდამსხმელებს ბომბერებს ეძახდნენ, ჩემი გოლის აღნიშვნაც აქედან წამოვიდა - ბუმ, ბუმ! ამ ჟესტმა ყველა გააგიჟა.

ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება. იმედია, ორი თავდამსხმელით ვითამაშებთ და ეს ყველაფერი კარგად გამოგვივა, მწვრთნელს დიდი დრო აქვს, რომ სეზონისთვის სათანადოდ მოგვამზადოს.

„მილანს“ გასაოცარი ტიფოზები ჰყავს, რაც თავდაჯერებას გვმატებს და მინდა, რომ კარგი სეზონი სწორედ მათთვის ჩავატაროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.

როცა პატარა ვიყავი, ბევრი თავდამსხმელის თამაშს ვაკვირდებოდი. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ იყო, მეორე ადგილზე კი ტიერი ანრის დავაყენებდი“.

პიონტეკი სერია A-ში გასულ ზაფხულს გადავიდა და სადებიუტო სეზონში 22 გოლის გატანა შეძლო. მან „ჯენოას“ მაისურით 13 გოლი გაიტანა, „მილანის“ რიგებში კი თავი 9-ჯერ გამოიჩინა. ამ ყველაფერს თასზე გატანილი 8 ბურთიც ემატება, ასე რომ, პოლონელს პირველი იტალიური წელი წარმატებული გამოუვიდა და ჯამში მეტოქეები 30-ჯერ დაამწუხრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები