Aa
Aa

ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და ზვერევისთვის ემზადება!

მსოფლიო რეიტინგის მე-17 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსზე“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ტურნირის 1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და გერმანელი სამ სეტში 2:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.

ლაიოვიჩთან მატჩის მსგავსად ბასილაშვილმა შეხვედრის სტარტი ამჯერადაც ჩააგდო და პირველი სეტი პირწმინდად დათმო. საწყის პარტიაში შტრუფს საკუთარი მოწოდება არ წაუგია და ორი ბრეიკპოინტი შეასრულა.

მეორე სეტიდან ნიკამ ინიციატივა ხელთ იგდო და აშკარა უპირატესობას დაეუფლა. ბასილაშვილმა მეორე პარტიაში 3-2-ის შემდეგ მიჯრით სამი გეიმი მოიგო და წონასწორობა აღადგინა.

გადამწყვეტ სეტში კვლავ ქართველი ჩოგბურთელი დომინირებდა. ჩვენებური საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყო და ერთადერთი ბრეიკის წყალობით მესამე პარტიაში 6:3 იმარჯვა.

შტრუფის დამარცხების შემდეგ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსის“ მერვედფინალში გავიდა, სადაც ნაცნობ ოპონენტს, ალექსანდრ ზვერევს შეერკინება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 20:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები