ცორკი:''სანჩოს მომავალზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია''
Aa
Aa

ცორკი:''სანჩოს მომავალზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია''

საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ''ბორუსიას'' სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ჯეიდონ სანჩოს მომავალზე ისაუბრა, თუმცა გერმანელის საუბრიდან გამომდინარე სანჩოს მომავალი გაურკვეველია.

ცორკის აზრით საეჭვოა, რომ სანჩომ შემდეგი ხუთი წელი დორტმუნდულ კლუბში გაატაროს.

სანჩო ''ვესტფალენშტადიონზე'' 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ 19 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 64 მატჩში 18 გოლი შეაგდო და 29 საგოლე პასი შეასრულა. გასულ ზაფხულში სანჩოს გადაბირებით არაერთი ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული.

დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა აღიარა, რომ 2019 წლის დასაწყისში სანჩოს წარმომადგენელი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ერთ-ერთ ხელმძღვანელს შეხვდა. ცხადია საუბარი სანჩოს შესაძლო ტრანსფერს ეხებოდა.

ცორკი Bild-ს ესაუბრა:''სანჩოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ წინასწარმეტყველება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სანჩო შემდეგ ხუთ წელს ''დორტმუნდში'' არ გაატარებს.

სანჩო ჩვენს გუნდში განვითარდა. ვფიქრობ საუკეთესო ინგლისურ კლუბებში სანჩოს განვითარების შანსი არ ექნებოდა. მას ძალიან ადრეულ ასაკში ნდობა გამოვუცხადეთ. ჩვენ არ გვეშინია მას მივცეთ სათამაშო დრო. ფეხბურთელს ეს საკითხი გააზრებული აქვს და კარგად ესმის.

მას ყოველთვის შეუძლია ახალი სიმაღლეების დაპყრობა.''

სანჩო და ცორკი

2017 წელს ჯეიდონ სანჩო ''მანჩესტერ სიტიდან'' ''დორტმუნდში'' 7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. სანჩოს დებიუტი ბუნდესლიგაში 2017 წლის 21 ოქტომბერს ფრანკფურტის ''აინტრახტთან'' გასვლით შეხვედრაში შედგა.

მიმდინარე სეზონში სანჩომ ბუნდესლიგის 6 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიის სუპერთასზე ''ბორუსიამ'' მიუნხენის ''ბაიერნს'' 2:0 მოუგო. ინგლისელის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები