L'Équipe - პრობლემები პარიზში - პსჟ პანიკაშია
Aa
Aa

L'Équipe - პრობლემები პარიზში - პსჟ პანიკაშია

„მონაკოს“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კილიან მბაპეს სამომავლო გეგმების შესახებ აქტიურად იწერება. როგორც მოგეხსენებათ Telefoot-თან საუბრისას ვადიმ ვასილიევმა აღნიშნა, რომ ფრანგ ახალგაზრდას სურს „პარი სენ-ჟერმენში“ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა დასძინა, რომ კილიანის „რეალში“ გადასვლა გარდაუვალია.

ვასილიევის სიტყვებს უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, "პარკ დე-პრენსზე" კი განგაშის ზარები შემოკრეს. პსჟ თავისი სუპერვარსკვლავის „რეალისგან“ დაცვას გეგმავს და Le Parisien-ს თუ დავუჯერებთ მას ახალ ხელშეკრულებას უმზადებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.

„პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს მბაპეს ხელფასის სახით სეზონში დაახლოებით 40 მილიონი ევრო, ანუ პრაქტიკულად იმდენი შესთავაზოს, რამდენსაც ნეიმარი იღებს, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით პსჟ მბაპეს ასეთ შეთავაზებას ვერ გაუკეთებს. საქმე ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი, როგორც ლეგიონერი პრივილეგიით სარგებლობს, რომელიც გადასახადების 30 პროცენტისგან ათავისუფლებს. მბაპე კი საფრანგეთის მოქალაქეა და მსგავსი ფუფუნება არ აქვს, შესაბამისად მისთვის იგივე ხელფასის გადახდა სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. 

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად მოეხსენება და L'Équipe-ის მიხედვით ამის გამო „პარკ დე-პრენსზე“ პანიკა შეინიშნება.  თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მბაპესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გუნდის მთავარი პრიორიტეტი არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები