ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლის კარიც სერხიო აგუერომ ვერ დალაშქრა
Aa
Aa

ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლის კარიც სერხიო აგუერომ ვერ დალაშქრა

სერხიო აგუერო წლებია მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კვირას არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში თავისთვის მეათე გოლი გაიტანა და "შეფილდის" კარი აიღო.

კრის უაილდერის გუნდთან შეგდებული ბურთი ნიშნავს იმას, რომ აგუერომ პრემიერ ლიგაში ერთის გარდა ყველა ოპონენტს გაუტანა. 

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გატარებული 8 წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელი 33 სხვადასხვა გუნდს დაუპირისპირდა. აგუეროს ყველაზე მეტად "ნიუკასლის" წინააღმდეგ თამაში უადვილდება. "სიტის" ლიდერმა "კაჭკაჭების" ქომაგები 13 შეხვედრაში 15-ჯერ დაამწუხრა.

არგენტინელი მნიშვნელოვან მატჩებშიც არ იკარგება და თავის გამოჩენას უშუალო კონკურენტების წინააღმდეგაც ახერხებს. მან "ჩელსის" 10 (14 შეხვედრაში), "ტოტენჰემს" 15 (11 შეხვედრაში), "არსენალს" 8 (13 შეხვედრაში) და "მანჩესტერ იუნაიტედს" 8 (12 შეხვედრაში) ბურთი გაუტანა.

"ლივერპული" აგუეროს შეჩერებას ასე თუ ისე ახერხებს, მაგრამ კუნმა 15 მატჩში მერსისაიდელთა კარი 7-ჯერ მაინც აიღო.

უცნაურია, მაგრამ აგუეროს ყველაზე ცუდი შედეგი "ევერტონის" წინააღმდეგ აქვს. არგენტინელმა "კანფეტების" ქომაგები 14 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ჯერ დაამწუხრა.

გუნდი კი, რომელთანაც აგუერომ გოლი ვერ გაიტანა "ბოლტონი" გახლავთ. ამ უკანასკნელთან "სიტის" ფორვარდმა 2011 წელს იასპარეზა და მოედანზე 68 წუთი გაატარა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები