Aa
Aa

"ვალვერდემ ამ ქმედებით თამაში მოიგო" - "ასეთი რამ მეც მომსვლია"

ზინედინ ზიდანმა „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ფრანგი სპეციალისტის დამოძღვრილმა „ბლანკოსმა“, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, „ატლეტიკო“ პენალტების სერიით დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, ეს კი ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, რომ ამ გუნდებს შორის ოფიციალურ ურთიერთშეხვედრაში ნულოვანი ფრე ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა.

შეხვედრის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი 115-ე წუთზე დადგა, როცა პრაქტიკულად ერთი-ერთზე გასული მორატა ფედერიკო ვალვერდემ წააქცია და ამისთვის წითელი ბარათი მიიღო. რომ არა ვალვერდეს ტაქტიკური ჯარიმა, მორატას გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცემოდა.

გაძევების მიუხედავად, დარჩენილი დრო „ათლეტებს“ გოლის გასატანად არ ეყოთ, პენალტები კი უკეთესად „რეალის“ მოთამაშეებმა დაარტყეს და განახლებული ფორმატით გამართული სუპერ თასის პირველი გათამაშების ჩემპიონები გახდნენ.

ბუნებრივია, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას მთავარი თემა ვალვერდეს ჯარიმა იყო, რომელზეც კომენტარის გაკეთება ორივე მწვრთნელს მოუწია.

ზიდანი: „ასეთი რამ ფეხბურთელობისას მეც მომსვლია, რადგან მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ფეხბურთელმა ზიდანმა ბევრი ტიტული მოიგო და იგივე ხდება ჩემი მწვრთნელობისასაც.

პირველ რიგში, ყველა ფეხბურთელს უნდა მივულოცოთ, ისინი ერთ მუშტად შეკრული თამაშობდნენ და მინდვრის თითოეულ მონაკვეთზე თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ეს კლუბის დნმ-შია. ასევე ჩემსა და ფეხბურთელთა მენტალიტეტშია, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გავიღოთ და ყოველთვის გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ.

მთელი გუნდით ბედნიერი ვარ. ეს ტრიუმფი „რეალისაა“ და ტიტულის მოგებას ვზეიმობთ“.

ზიდანმა "რეალის" მწვრთნელის რანგში მე-9 ფინალი გამართა და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვა, უშუალოდ "ატლეტიკოს" კი მესამედ აჯობა.  

სიმეონე: „ბოლო 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და, ვფიქრობ, ეს კარგად გავაკეთეთ. „რეალთან“ ჯამში 6 ფინალი გავმართეთ, მათგან 3 მოვიგეთ და ამდენივეჯერ დავმარცხდით, თუმცა მათგან არც ერთი ძირითად დროში არ წაგვიგია. ასე რომ, ჩემი გუნდით ვამაყობ, რადგან ბრძოლისუნარიანობა არ დაგვიკარგავს.

რაც შეეხება ვალვერდეს ეპიზოდს, ეს მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სვლა იყო. მე მას ვუთხარი, რომ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ვფიქრობ, მისთვის მინიჭებული საუკეთესო მოთამაშის წოდება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან ვალვერდემ ამ ქმედებით თამაში მოიგო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები