გოლი კრუიფის
Aa
Aa

გოლი კრუიფის "ბარსას" კარში და საჭადრაკო მატჩი გარი კასპაროვთან - ვინ არის კიკე სეტიენი?

„ბარსელონას“ გულშემატკივრების კამპანია #Valverdeout დასრულდა და კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გახდა. იმის მიუხედავად, რომ სეტიენი 61 წლისაა, ფართო საფეხბურთო საზოგადოებას მასზე არცთუ მდიდარი ინფორმაცია აქვს.

ამიტომაც, შევეცდებით, სანტანდერელი სპეციალისტის, ენრიკე სეტიენ სოლარის, საფეხბურთო, და მცირედით არასაფეხბურთო მხარეც, უკეთესად გაგაცნოთ.

ფეხბურთელი სეტიენი

„ბარსას“ ახალი თავკაცი ცენტრალური ნახევარმცველი გახლდათ და ელეგანტური სათამაშო მანერით ხასიათდებოდა.

კარიერის დიდი ნაწილი მშობლიური ქალაქის გუნდ „რასინგში“ გაატარა, რომლის რიგებშიც ჯამში 12 წლის განმავლობაში ითამაშა და კლუბის ლეგენდათა შორისაა. „რასინგში“ დაბრუნებული ვეტერანი სეტიენი, შესანიშნავი თამაშით, კლუბს ლა ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. 1994-95 წლების სეზონში „რასინგმა“ „ბარსელონა“ 5:0 გაანადგურა, რაც კლუბის ერთ-ერთი ისტორიული გამარჯვებაა - ერთ-ერთი ბურთი სწორედ სეტიენმა გაიტანა!

 

კიკეს კარიერის საუკეთესო პერიოდი „ატლეტიკოს“ უკავშირდება. იგი „როხიბლანკოში“ 1985 წელს მივიდა და პირველივე სეზონი იმდენად კარგი ჰქონდა, რომ მექსიკაში გამართულ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს, თუმცა ესპანეთის ნაკრების მაისური იქ არ მოურგია, სულ კი „ფურია როხას“ ღირსება 3 თამაშში დაიცვა.

მწვრთნელი სეტიენი

გამოცდილ სპეციალისტს არაერთ გუნდში უმუშავია, თუმცა ესპანური ფეხბურთის ელიტაში 2015 წლიდან გამოჩნდა, როცა ოქტომბერში, „ლას პალმასის“ თავკაცის პოსტზე დანიშნეს. გუნდი მაშინ გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა ის სეზონი ლა ლიგის მე-11 ადგილზე დაასრულა, პარალელურად კი ქვეყნის თასზე 1/4 ფინალში გავიდა.

სეტიენმა „ლას პალმასში“ საკუთარი უნიკალური საფეხბურთო ფილოსოფია დანერგა და ტექნიკურ, მსუბუქ და სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებდა, რითაც ნეიტრალური გულშემატკივრის პატივისცემა დაისახურა. კანარის კუნძულელებთან ერთად ზიდანის „რეალთან“ სტუმრად სანახაობრივი 3:3 ითამაშა, „ბეტისთან“ ერთად კი „სამეფო კლუბსაც“ მოუგო და „ბარსელონასაც“.

სეტიენის „ბეტისმა“ მადრიდული გრანდი 2-ჯერ დაამარცხა, „ბარსას“ კი გასულ სეზონში, „ნოუ კამპზე“, ბრწყინვალე სტილში 4:3 აჯობა, რითაც ჩემპიონატში ბარსელონელთა 42-მატჩიანი საშინაო დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. მართლაც, საოცარი საფეხბურთო სპექტაკლი გამოვიდა, რომლის შემდეგაც სეტიენს გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში სერხიო ბუსკეტსი წამოეწია და საკუთარი მაისური უსახსოვრა, წარწერით: „კიკეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ფეხბურთის მისეული ხედვისთვის. საუკეთესოს გისურვებ“.

 

სანახაობრივი თამაშის მიუხედავად, კიკემ სევილიური კლუბი კონტრაქტის დასრულებამდე 1 წლით ადრე, მას შემდეგ დატოვა, რაც ამბიციური „ვერდიბლანკოსი“ ლა ლიგის მე-10 ადგილზე გაიყვანა.

გამოცდილი სპეციალისტის სამწვრთნელო სტილი ბურთის ფლობაზეა დამყარებული. ამისთვის მარტივი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია - იმ პერიოდში, როცა იგი „ბეტისში“ მუშაობდა, ამ გუნდმა, ბურთის ფლობის საერთო საშუალო მაჩვენებლით, „ბარსელონას“ წლების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონია დაამხო.

მოჭადრაკე სეტიენი

კიკე სეტიენის გვარს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგშიც ამოვიკითხავთ, იგი ესპანელთა შორის დაახლოებით 2500-ე ადგილზეა. „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონების - გარი კასპაროვისა და ანატოლი კარპოვის წინააღმდეგაც უთამაშია.

კანტაბრიელი მწვრთნელის თქმით, საჭადრაკო ტაქტიკებს ფეხბურთიც იყენებს და აღნიშნავს, რომ ეს სპორტი მას მოთმინებასა და ემოციების კონტროლში ეხმარება.

ჭადრაკისა და სეტიენის ურთიერთობა ჯერ კიდევ კიკეს ფეხბურთელობისას იყო ცნობილი ფაქტი. როცა 27 წლის ნახევარმცველი „ატლეტიკოში“ მივიდა, „როხიბლანკოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა, ლუის არაგონესმა მას ჭადრაკის ელექტრონული მოწყობილობა აჩუქა, ამის შემდეგ კიკე თავისუფალ დროს თითქმის სულ მასთან ერთად ატარებდა.

„იქამდე ითამაშე, სანამ ცოცხალი ვიქნები“, - სეტიენმა მესის ასე მიმართა

როცა პეპ გუარდიოლა „ბარსაში“ მუშაობდა, მან ერთ-ერთ ვარჯიშზე სეტიენი მიიწვია, წვრთნის დასრულების შემდეგ კი საინტერესო ფაქტი მოხდა. კიკემ მოგვიანებით ის მომენტი ასე გაიხსენა: „მესისთან მივედი და ვთხოვე, ფეხბურთი 60 წლამდე ან იქამდე ეთამაშა, სანამ არ მოვკვდებოდი“.

კიდევ ერთი ფრაზა მესიზე, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, არგენტინელისა და პელეს შედარებას შეეხებოდა: „უკვე 10 წელზე მეტია, მესი ყოველ კვირა ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. არ მგონია, პელე ასეთი სტაბილური ყოფილიყო“.

როცა „ბარსამ“ კიკე სეტიენის დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა, კლუბის „ტვიტერის“ გვერდზე კიკე სეტიენის მიერ 2016 წლის 25 მარტს, იოჰან კრუიფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული „ტვიტი“ გაზიარდა.

„ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, ფეხბურთი უკეთესად ეთამაშათ, თუმცა იქამდე ვერ მივხვდი, ეს როგორ გაეკეთებინათ, სანამ იოჰან კრუიფმა არ გვიჩვენა“.

სეტიენის „ასულგრანაში“ დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ მისი სამწვრთნელო დონე ამ კლუბის მასშტაბებს არ შეესაბამება და გაუკვირდათ, რომ მასთან კატალონიელებმა 2.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

საქმე არც მთლად ასეა. როგორც „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, „ბარსა“ ყველა მწვრთნელთან აფორმებს ისეთ კონტრაქტს, რომელშიც ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელის გაშვება სეზონის ბოლოს კომპენსაციის გარეშე შეიძლება. ვნახოთ, რა გამოვა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები