Aa
Aa

გოგას 4 ქულა და 2 მოხსნა - „ინდიანას" ვერ აჩერებენ

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ნეით მაკმილანის ბიჭებმა ამჯერად „დენვერ ნაგეთსი“ დაამარცხეს და ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში იმარჯვეს.

მატჩის საწყისი სამი მეოთხედი კოლორადოელთა კარნახით წარიმართა, თუმცა „პეისერსმა“ გადამწყვეტი თორმეტწუთეული შესანიშნავად ჩაატარა, მეტოქეზე 15-ით მეტი, 41 ქულა ჩააგდო და საბოლოოდ 115-107 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 6 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გოგამ 2 ორქულიანი გამოიყენა და 1 სამქულიანი გააფუჭა. აღსანიშნავია, რომ მაილს ტერნერმა 19 წუთში 6 პერსონალური ფოლი მიიღო, თუმცა მაკმილანმა ბითაძეს დიდი სათამაშო დრო მაინც არ მისცა.

„ინდიანამ“ ტრადიციულად გუნდური კალათბურთი შემოგვთავაზა. „პეისერსის“ რიგებში 20-ქულიანი ნიშნული ტი ჯეი უორენმა, დომანტას საბონისმა, მალკოლმ ბროგდონმა და დაგ მაკდერმოტმა გადალახეს. ეს უკანასკნელი 24 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო ლიეტუველმა ცენტრმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა და 22 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„დენვერთან“ გამარჯვების შემდეგ, „ინდიანას“ 28 მოგება და 15 მარცხი აქვს. გოგა ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრაში რთული ჯახი ელის და სტუმრად ჩინებულ ფორმაში მყოფ „იუტა ჯაზს“ შეერკინება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები