Aa
Aa

დღე მე-3 - Aus Open-ი ისევ სენსაციების გარეშე

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 სათამაშო დღემ განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა.

მამაკაცთა შორის, მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, იაპონელი ტაცუმა იტოს ბარიერი იოლად გადალახა და მეტოქეს 6:1; 6:4; 6:2 მოუგო. "ნოლეს" შემდეგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი იაპონელი იოშიტო ნიშიოკა იქნება.

შემდეგ წრეში უბრძოლველად გავიდა სტეფანოს ციციპასი, რისი მიზეზიც ფილიპ კოლშრაიბერის უარი გახდა. იოლად იმარჯვეს არგენტინელებმა - გუიდო პელამ და დიეგო შვარცმანმა. პელამ ფრანგ გრეგუარ ბარერს 4 სეტში მოუგო, შვარცმანმა კი ახალგაზრდა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას ჯამში მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო.

ქალთა თანრიგის მე-3 ნომერმა, ნაომი ოსაკამ კიდევ ერთი ორსეტიანი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად ჩინელ საისაი ჟენს აჯობა - 6:2; 6:4. იაპონელის შემდეგი მეტოქე თინეიჯერი ამერიკელი კოკო გაუფი იქნება, რომელმაც რუმინელ სორანა კირსტეას 3 სეტში მოუგო.

ტურნირს დაემშვიდობა მე-11 ნომრად განთესილი არინა საბალენკა. ბელარუსმა კარლა სუარეს ნავაროსთან ორ ტაიბრეიკზე წააგო.

რთულ ბრძოლაში, ერთნაირი ანგარიშით - 7:5; 7:5 იმარჯვეს პეტრა კვიტოვამ და კაროლინ ვოზნიაცკიმ. ჩეხმა პაულა ბადოშა დაამარცხა, დანიელმა კი გათამაშების მიღმა უკრაინელი დაიანა იასტრემსკა დატოვა.

იოლი მატჩი ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის. ავსტრალიელთა მთავარმა იმედმა სლოვენიელ პოლონა ჰერცოგთან მხოლოდ 5 გეიმი წააგო. ბარტიმ საათსა და 8 წუთში, 6:1; 6:4 იმარჯვა და შემდეგ რაუნდში რუს ელენა რიბაკინაზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები