Aa Aa

ყველაზე ბრუტალური ნოკაუტები UFC-ში

UFC-ს დაარსებიდან დღემდე უამრავი ნოკაუტი გვინახავს. მათმა უმრავლესობამ UFC-ის გულშემატკივრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იყო ნოკაუტები, რომლებიც „მთელმა მსოფლიომ იგრძნო“.

დღეს, სწორედ ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებზე ვისაუბრებთ და აქცენტს ყველაზე ბრუტალურ ნოკაუტებზე გავაკეთებთ.

გუდრიჯი ჰერერას წინააღმდეგ

გარი გუდრიჯი UFC-ის ძველი სკოლის წარმომადგენელია. UFC-ის გულშემატკივარმა ის 1996 წლის 16 თებერვალს გაიცნო, როცა მან UFC 8-ის ფარგლებში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში პაულ ჰერერა გაანადგურა. 

 

ებოტი ნელმარკის წინააღმდეგ

UFC-ის საწყის წლებში გულშემატკივართა ფავორიტი ტანკ (დევიდ ლი) ებოტი იყო. ამერიკელი მებრძოლი განსაკუთრებით პოპულარული სტივ ნელმარკთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გახდა. „ტანკმა" მარჯვენა ხელით მეტოქეს ძლიერად დაარტყა და შემდეგ ფიცარნაგზე დააგდო. პოზა კი, რომელშიც ნელმარკი აღმოჩნდა, ნოკაუტის ბრუტალურობას იდეალურად გამოხატავდა.

 

ჯექსონი სილვას წინააღმდეგ

ვანდერლეი სილვა UFC-ის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. 2008 წლის 27 დეკემბრამდე მას რემპეიჯ ჯექსონი 2-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ UFC 92-ზე მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ისე წააგო, რომ ნოკაუტის შემდეგ გულშემატკივრები სერიოზულად ანერვიულდნენ.

 

გონზაგა კრო კოპის წინააღმდეგ

2007 წელს გაბრიელ გონზაგამ პირველი რაუნდის სპეციალისტი, მირკო კრო კოპი საწყის 5 წუთში დააგდო. თანაც ისე, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს შანსიც არ ჰქონია.

 

მაჩიდა  ბელფორტის წინააღმდეგ

ვიტორ ბელფორტს ფეხით განხორციელებულ პირდაპირ დარტყმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა. 2011 წელს ის ამ ილეთით ანდერსონ სილვამ დაანოკაუტა. 2018-ში კი იგივე ლიოტო მაჩიდამ გაიმეორა. უბრალოდ ამ უკანასკნელის დარტყმა ალბათ უფრო შთამბეჭდავი გახლდათ.

 

ნუნიესი საიბორგის წინააღმდეგ

იმის თქმა, რომ ამანდა ნუნიესი UFC-ის ისტორიაში საუკეთესი ქალი მებრძოლია, გადაჭარბებული შეფასება არაა. ბრაზილიელმა 2018 წელს თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოავლინა. ნუნიესმა მრისხანე მეტოქე, კრის საიბორგი გაანადგურა და დაამტკიცა, რომ სხვებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას.

 

ფრენკლინი ქუარის წინააღმდეგ

რიჩ ფრენკლინის მიერ გაფორმებული ნოკაუტის სიტყვებით აღწერა რთულია. მისი დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნოკაუტის შემდეგ ქუარი ვერც კი ინძრეოდა.

 

ევანსი სალმონის წინააღმდეგ

რაშად ევანსს კარიერაში ბევრი ბრუტალური ნოკაუტი აქვს გაფორმებული, მაგრამ შონ სალმონის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ალბათ ვერცერთი შეედრება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევანსი ფეხით განხორციელებული დარტყმებით არასდროს გამოირჩეოდა.

 

ჰენდერსონი ბისპინგის წინააღმდეგ

„სახიფათო დენის“ მარჯვენაზე ლეგენდები დადიოდა. მაიკლ ბისპინგმა კი ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა. „ჰენდომ“ ბრიტანელი ისე დაანოკაუტა, რომ ბისპინგს იმ მომენტის შესახებ დღემდე არაფერი ახსოვს.

 

კარტერი სერას წინააღმდეგ

UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ნოკაუტის ავტორი შონი კარტერი გახლავთ. ამ უკანასკნელმა „კარიერა მეტ სერას დაუსრულა".

 

სილვა ფრენკლინის წინააღმდეგ

ანდერსონ სილვას გარეშე UFC-ის საუკეთესო ნოკაუტები წარმოუდგენელია. „სპაიდერმა“ 2011 წლის 5 თებერვალს მიწასთან ვიტორ ბელფორტი გაასწორა, ხოლო მანამდე რიჩ ფრენკლინს გადაუარა.

 

ნგანუ ოვერიმის წინააღმდეგ

2017 წლის 2 დეკემბერს ფრანცის ნგანუმ UFC-ს გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. კამერუნში დაბადებულმა მებრძოლმა ალისტერ ოვერიმი პირველ რაუნდში დაანოკაუტა. ნგანუს დარტყმა იმდენად ძლიერი, მტკივნეული და ბრუტალური იყო, რომ მას „აპერკოტი ჯოჯოხეთიდან“ უწოდეს.

 

ჰოლმი როუზის წინააღმდეგ

2015 წლის 15 ნოემბერი ის დღეა, რომლის შემდეგაც რონდა როუზის კარიერული დაღმასვლა დაიწყო. 2015 წლის 15 ნოემბერს ჰოლი ჰოლმმა, რომელსაც გამარჯვებაზე 21 კოეფიციენტს აძლევდნენ, „როუდი“ გაანადგურა.

 

მაკგრეგორი ალდოს წინააღმდეგ

დარტყმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ იგრძნო. გასაოცარია, რომ კონორი კომბინაციას, რომლის დახმარებითაც ალდო ნოკაუტში ჩააგდო, ბრძოლის დაწყებამდე, გასახდელში იმეორებდა.

 

ლი გილესპიეს წინააღმდეგ

კევინ ლიმ გრეგორ გილესპიეს წინააღმდეგ ფენომენალური კომბინაცია განახორციელა. მან მეტოქეს ჯერ მარჯვენა ხელით, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხით დაარტყა და არბიტრი რომ არა შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო.

 

მასვიდალი ასკრენის წინააღმდეგ

ხორხე მასვიდალი UFC-ის რეკორდმენია. მას საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ბენ ასკრენის დასანოკაუტებლად სულ რაღაც 5 წამი დასჭირდა. „გეიმბრედმა“ მეტოქეს მფრინავი მუხლი უთავაზა და გაოცებული ასკრენი ოქტაგონზე დააგდო.

 

ბარბოსა ეტიმის წინააღმდეგ

ედსონ ბარბოსას მთავარი იარაღი ყოველთვის ფეხით განხორციელებული დარტყმები იყო. ბრაზილიელმა მებრძოლმა 2012 წლის 14 იანვარს ვინ იცის მერამდენედ დაამტკიცა, რომ ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ნუნიესი როუზის წინააღმდეგ

სტატიას ამანდა ნუნიესის ნოკაუტით დავასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მან რონდა როუზის კარიერა დაასრულა. როგორც მოგეხსენებათ ნუნიესთან მარცხის შემდეგ „როუდი„ WWE-ში წავიდა.

 

გაზიარება: