სულაქველიძე:''უფრო დიდი მოტივაცია არ არსებობს... მე მათი მჯერა''
Aa
Aa

სულაქველიძე:''უფრო დიდი მოტივაცია არ არსებობს... მე მათი მჯერა''

1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა თენგიზ სულაქველიძემ გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის სახელობის საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს, ბავშვთა ფეხბურთში არსებულ ნომერ პირველ პრობლემად წყლის საკითხი დაასახელა.

თენგიზ სულაქველიძე: ''თუ გვინდა რომ კარგი მინდორი გვქონდეს, ნომერ პირველი საკითხი წლის პრობლემაა, რაც მარტო ჩემს აკადემიას არ ეხება, ზოგადად საფეხბურთო სკოლებს ვგულისხმობ. დღეში მინიმუმ 20 ტონა წყალია საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენს აკადემიაში მიზერული თანხები შემოდის, რაც პრობლემას ვერ აგვარებს, კარგი მინდორი რომ გვქონდეს გაცილებით დიდი თანხააა საჭირო. ჩვენ არ ვითხოვთ წყლის გადასახადის გაუქმებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ფიქსირებული გადასახადი იყოს, რასაც გავწვდებით.''

თენგიზ სულაქველიძემ ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთზე აქტიურად ზრუნავს, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საფეხბურთო სკოლების ფინანსურად დახმარებას გულისხმობს:''დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ჩვენს აკადემიასა და ზოგადად ქართულ ფეხბურთს შესანიშნავი მინდორი აჩუქა. ფედერაცია საფეხბურთო სკოლებს ყოველწლიურად აფინანსებს, 20 წელია აკადემია მაქვს გახსნილი და აქამდე მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ფედერაციის დახმარებით მიმდინარე წელს ორ მინი სტადიონს გავაკეთებ.''

 

ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით ბავშვებს შორის ფეხბურთისადმი ინტერესი შემცირდა, თუმცა საქართველოში ფეხბურთი კვლავ ნომერ პირველ სპორტის სახეობად რჩება. მისი თქმით ფეხბურთის პოპულარობა გაიზრდება თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებით ითამაშებს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება:''ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბელარუსის ნაკრებს დავამარცხებთ. თუ ნაკრების ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ჩვენ ერთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ. სხვაგვარად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთულია, ერთა ლიგა კი შესანიშნავი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ.

დარწმუნებული ვარ ქართველი ფეხბურთელები ბელარუსთან გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ. უფრო დიდი მოტივაცია არ არსებობს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები