Aa
Aa

კიდევ 2 კვირა - WTA-მ პაუზა გაახანგრძლივა

ქალთა შორის გასამართი საჩოგბურთო ტურნირების შეწყვეტის ვადა კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა. WTA-ს პირვანდელი გადაწყვეტილებით, ტურნირები 20 აპრილის ჩათვლით გაუქმდა, გუშინ კი ასოციაციამ ახალი განცხადება გაავრცელა.

როგორც ქალთა ჩოგბურთის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, არც ერთი გათამაშება 2 მაისზე ადრე არ განახლდება. რაც შეეხება ხსენებული თარიღის შემდგომ პერიოდს, WTA მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებს.

მარტის დასაწყისიდან მოყოლებული ქალი ჩოგბურთელები კორტზე არ გასულან და თუკი გუშინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ, მათ ჯამში 12 ტურნირის გამოტოვება მოუწევთ.

გაუქმდა ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსები, რასაც გუშინდელის შემდეგ, სხვა ტურნირებთან ერთად, ჩარლსტონისა და შტუტგარტის პრესტიჟული გათამაშებების გაუქმებაც მიემატა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციის ეგიდით გასამართი ყველა ტურნირი 27 აპრილის ჩათვლითაა გაუქმებული. ATP-მ ამის შესახებ 12 მარტს გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები