''პანიკა არ იგრძნობა, ცხოვრება ჩვეულ რიტმშია'' - ხარაიშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა
Aa
Aa

''პანიკა არ იგრძნობა, ცხოვრება ჩვეულ რიტმშია'' - ხარაიშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა

გიორგი ხარაიშვილი ქართველ ლეგიონერთა იმ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომლის გუნდს კორონავირუსის გამო ჯერ სავარჯიშო პროცესი არ შეუჩერებია, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები ორკვირიანი პაუზის აღებას აპრილში გეგმავენ.

გიორგი ხარაიშვილის თქმით შვედეთში პანიკა არ იგრძნობა, თუმცა პანდემიის შესაჩერებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. შვედური მედიის ცნობით ამ ეტაპზე  სკოლებში მეცხრე კლასამდე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, უფრო მაღალ კლასებში კი სწავლა შეჩერებულია.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში 3069 ინფიცირებულია, მათგან 105 გარდაიცვალა და მხოლოდ 16 გამოჯანმრთელდა, შვედეთის მთავრობა სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს.

გიორგი ხარაიშვილი CrystalSport-ს ესაუბრა:''მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში გუნდებმა სავარჯიშო პროცესი შეაჩერეს, ჩვენს გუნდში ასეთი რამ არ მომხდარა. ვარჯიშები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ორი კვირით დავისვენებთ. კლუბის ხელმძღვანელებმა ამხანაგური მატჩების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, 25 აპრილიდან რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.

ბოლო ინფორმაციით შვედეთის თასის მატჩები მაისის შუა რიცხვებში გაიმართება, ხოლო ჩემპიონატის დაწყებას ივნისში გეგმავენ. შვედეთში პანიკა ნამდვილად არ იგრძნობა, ცხოვრება ჩვეულ რიტმშია, თითქმის ყველა დაწესებულება მუშაობს. 

იმედი მაქვს მთელს მსოფლიოში ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.''

შეგახსენებთ, 2020 წელს ''გიოტებორგმა'' მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი გამართა. ხარაიშვილმა შვედეთის თასის სამ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო შვედეთის თასისა და ჩემპიონატის შეხვედრები გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები