Aa
Aa

"შეიძლებოდა, დარჩენილი ცხოვრება ეტლში გამეტარებინა" - ებდონმა კარიერა დაასრულა

სნუკერის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, პეტერ ებდონმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 49 წლის ებდონი ამის მიზეზად კისრის ქრონიკულ ტრავმას ასახელებს.

„შობიდან მოყოლებული სერიოზული ტკივილები მაქვს და ექიმებმა მითხეს, რომ კარიერის გასაგრძელებლად ოპერაცია და ორი მალის შეცვლა მესაჭიროება. ეს ოპერაცია რომ გამეკეთებინა, მცირე უზუსტობის შემთხვევაშიც, მთელი დარჩენილი ცხოვრების ინვალიდის ეტლში გატარება მომიწევდა.

ექიმმა ისიც ამიხსნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ამჯერად ოპერაცია იდეალურად ჩაივლიდა, შესაძლებელი იყო, მდგომარეობა დაახლოებით 10 წელში გაუარესებულიყო და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირვებოდა.

მეორე მხრივ, თუკი ოპერაციას არ გავიკეთებ, ერთადერთი რამ, რასაც ვეღარ გავაკეთებ, სნუკერის თამაშია. ასე რომ, სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩემი კარიერის დასასრულია“.

ებდონმა აქტიურ სპორტულ კარიერაში 9 ტიტული მოიგო, 1996 და 2006 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. მან კარიერის ბოლო მატჩი დეკემბერში, გერმანიის მასტერსზე ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები