ოფიციალურად: კლოზემ ''ბაიერნთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ოფიციალურად: კლოზემ ''ბაიერნთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მიუნხენის ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის ასისტენტად 2020 წლის პირველი ივლისიდან მიროსლავ კლოზე იმუშავებს. მიუნხენურმა გუნდმა კონტრაქტი ასევე გაახანგრძლივა ფლიკის ასისტენტ დენი რიოლთან.

ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე ორი წელია, რაც ''ბაიერნის'' 17-წლამდე გუნდს ხელმძღვანელობს. 2020 წლის ზაფხულიდან კი ბავარიელთა პირველ გუნდში იმუშავებს. მან გერმანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმებით კმაყოფილნი არიან ''ბაიერნის'' აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

41 წლის მიროსლავ კლოზე მიუნხენის ''ბაიერნის'' ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა. კლოზემ ''ბაიერნთან'' ერთად ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო, ასევე ორჯერ გახდა გერმანიის თასის გამარჯვებული.

საინტერესოა, რომ მიროსლავ კლოზეს პირველი პროფესიული კლუბი ''ჰომბურგი'' იყო, რომლის ღირსებას 1998-99 წლებში იცავდა. იმ პერიოდში ''ჰომბურგში'' მასთან ერთად კახა კაჭარავა თამაშობდა, რომელიც ამჟამად ''სამტრედიას'' მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები