ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ქართველი ოლიმპიელები ითვალისწინებენ პანდემიის გამო გამოწვეულ შეზღუდვებს და სპორტული ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში აგრძლებენ.

სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) – „პანდემიამ სრულად შეცვალა ყველა სპორტსმენის მზადების გეგმა. ტურნირების გაუქმებამ და ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების - ოლიმპიური თამაშების გადატანამ ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენთაგანზე. პირადად ჩემთვის იზოლაციაში ყოფნა საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან აქტიური და დატვირთული ცხოვრების წესი მაქვს. რა თქმა უნდა, სახლის პირობები არ მიწყობს ხელს სათანადო ვარჯიშში, რადგან მხატვული ტანვარჯიში ის სახეობაა, რომელსაც სჭირდება დიდი სივრცე, მაღალი ჭერი და სპეციალური ხალიჩა. იზოლაციაში სპორტული ფორმის შენარჩუნება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. ამ პირობებიდან გამომდინარე, სრულფასოვანი ვარჯიში არ გამომდის, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ ფიზიკურად არ მოვდუნდე და შევინარჩუნო მოქნილობა. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ველოდები დარბაზის გახსნას, რომ შევუდგე ვარჯიშს. ვიმედოვნებ , რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჯანმრთელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩემი უმნიშვნელოვანესი გეგმაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება, რისთვისაც მჭირდება სათანადო და სრულყოფილი ვარჯიში.“

ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) „ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა. ვვარჯიშობ დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ვითვალისწინებ მწვრთნელების რეკომენდაციებს. ამ ბოლო დროს, რამდენიმე თანაგუნდელის ნახვა და მათთან ერთად დისტანციის დაცვით ვარჯიშიც მოვახერხე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სულ სხვაა, ვიდრე სრულყოფილი საწვრთნელი პროცესისას იყო ხოლმე. ჯერჯერობით მხოლოდ ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებას ვცდილობ. მოჭიდავისთვის წარმოუდგენელია მარტო ინდივიდუალურად ვარჯიშით ფორმის შენარჩუნება. მით უმეტეს, როცა იძულებითი პაუზა ასე იწელება. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვე რჩებოდა და მოსამზადებელი გეგმა ისე იყო გაწერილი, ივლისის ბოლოს საუკეთესო სპორტულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ოლიმპიადაც ერთი წლით გადაიდო და სამზადისსაც ახალი გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ. ოღონდ ჯერ არ ვიცით, როდის."

ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) – “პანდემიის დროს დიდად არ გამჭირვებია. ვატარებ დროს ოჯახთან ერთად, გამოვნახე დრო ჩემთვის და ჩემი საყვარელი საქმეებისთვის. სახლის პირობებში რაც შესაძლებელია - კი. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, ბატუტი სახლში არ მაქვს და სივრცის შეგრძნების ფორმას ვერ ვინარჩუნებ. სამწუხაროა. რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ვარ იმედიანად და პოზიტიურად განწყობილი. ვცდილობ, არ ვიფიქრო შედეგზე, მაქვს კონცენტრაცია ჩემს სრულყოფილ ვარჯიშზე, ჩემ პროგრამაზე და ჩემი მიზანია შევასრულო ისე, როგორც ვასრულებ ვარჯიშებზე ჩემს რთულ პროგრამას და ვიცი დაუფასებელი არ დარჩება."

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) „არ მეგულება ადამიანი, რომელსაც პანდემიამ დისკომფორტი არ შეუქმნა. შეზღუდვების გამო, ძალაუნებურად ყველას აგვერია გეგმები. განსაკუთრებით სპორტში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმშია საჭირო გეგმაზომიერი მუშაობა. საწვრთნელი პროცესი შეჩერდა და იძულებული გავხდი, სახლის პირობებში გამეგრძელებინა ვარჯიში. მონდომებას არ ვაკლებ, მაგრამ ამ რეჟიმში სპორტული ფორმის შენარჩუნება მაინც ძალიან ძნელია. იგივე გეგმები მაქვს, რაც პანდემიამდე. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილი დრო და საჭირო მომენტში ჩემს საუკეთესო ფორმაში ვიყო."

მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე) – “პანდემიის პირობებში ვფიქრობ, რომ ცხოვრება არცთუ ისე რთულია, რადგანაც ვალდებულები ვართ, სახლში დავრჩეთ და ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. მე პირადად ვაწყდები რამდენიმე სირთულეს: მაგალითად საკვები პროდუქტების გამო მიწევს ხოლმე სახლიდან გასვლა, ასევე ვერ ვახერხებ მეგობრების და ოჯახის წევრების ნახვას. ვცდილობ, რომ სპორტული ფორმა შევინარჩუნო და სახლის პირობებში და სახლის გარეთაც მოვახერხო ვარჯიში. ახლა ვიმყოფები ბაზალეთზე და წყალზეც ვცდილობ ხოლმე გავიდე, რომ სპორტული ფორმა არ დავკარგო. სამწუხაროდ, წელს გადამედო სალიცენზიო შეჯიბრი, სადაც ვიმედოვნებდი, რომ მოვიპოვებდი ლიცენზიას. ამიტომ გავაგრძელებ ვარჯიშს და შევეცდები, რომ მოვიპოვო ტოკიოს ოლიმპიადის საგზური."

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) „ვცდილობ, ჩემი საქმე ისე გავაკეთო, რომ მაქსიმალურად დავიცვა სახელმწიფოს ყველა რეკომენდაცია. ორ თვეზე მეტია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. წინასწარ დაგეგმილი და ლამის დღეების მიხედვით გაწერილი საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია და ჯერ ისიც კი არ ვიცით, როდის შევძლებთ ხალიჩაზე დაბრუნებას. რა თქმა უნდა ვერ ვახერხებ. ამისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე სახლის პირობებში ვარჯიში. ამ პირობებში გეგმებზე საუბარი ცოტა ძნელია. მთავარია, მალე დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს. მერე კი ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. იქამდე წელიწადზე მეტია და იმედია, ამ დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება გვექნება."

ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) – “ძირითადად სახლში ვარ, ვცდილობ ხალხთან ნაკლები ურთიერთობა მქონდეს. სახლის პირობებში ვვარჯიშობ, თუმცა სახლში ატაცებულ შტანგას ძირს ვერ დაანარცხებ. ამიტომაც ხანდახან დარბაზში შესვლასაც ვახერხებ და, რა თქმა უნდა, ვიცავ ყველა წესს. ჯერჯერობით ვინარჩუნებ კარგ სპორტულ ფორმას, მეტ ყურადღებას ვუთმობ ძველ ტრავმებს და ტექნიკური წუნის გამოსწორებას.ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და მედალი მოვიპოვო. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი."

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები