ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

 

ქართველი ოლიმპიელები ითვალისწინებენ პანდემიის გამო გამოწვეულ შეზღუდვებს და სპორტული ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში აგრძლებენ.

გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) – “პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები. ძირითადად სახლში ვარ და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას ვერიდები. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ოპტიმალური სპორტული ფორმის შენარჩუნება. როგორც ყველა სპორტსმენს, მეც ინდივიდუალური პროგრამით მიწევს ვარჯიში და მაქსიმალურად ვცდილობ, სახლის პირობებში არსებული შესაძლებლობები სრულყოფილად გამოვიყენო.ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მაქვს ერთადერთი მიზანი - ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა. ამ მიზნის მისაღწევად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ.”

იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) – “სპორტული რეჟიმიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში, თითქმის მუდმივად შეკრებებსა და შეჯიბრებებზე მიწევდა ყოფნა. მენატრებოდა სახლი. ამდენი დრო ოჯახის წევრებთან ერთად დიდი ხანია, არ გამიტარბია.უკვე ორი თვეა, სახლის პირობებში ვვარჯიშობ. ერთი დღეც კი არ ჩამიგდია. ასე ვცდილობ სპორტული ფორმის შენარჩუნებას და ველოდები შეზღუდვების მოხსნას.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს აუცილებლად საუკეთესო სპორტულ ფორმაში უნდა შევხვდე. რაც შეეხება გეგმას, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო."

შოთა მიშველიძე (ძალოსნობა) „რა თქმა უნდა პანდემიამ გარკვეულწილად გავლენა ყველას ცხოვრების რეჟიმზე იქონია და არც მე ვარ გამონაკლისი. ვცდილობ დავიცვა ყველა ის წესი რასაც ჩვენი მთავრობა და მედიცინის წარმომადგენლები გვთავაზობენ, ხოლო რაც შეეხება სახლში ყოფნას, ამას პანდემიამდეც მიჩვეული ვიყავი. მოგეხსენებათ, სპორტული რეჟიმი თავისთავად მოიცავს გარკვეული წესების დაცვას, ძალოსნებს ხშირად გვიწევს სპორტულ ბაზებზე ცხოვრება და შეკრების პერიოდში ისედაც მხოლოდ სავარჯიშოდ გამოვდიოდით სახლიდან. ახლა კი ამ მხრივაც პრობლემებს ვაწყდებით, რადგან შეკრებები აღარ არის და ამიტომ სახლის პირობებში მიწევს ვარჯიში, რაც თავისთავად იმ შედეგს არ მოგვცემს რაც სასურველია. კორპუსში შტანგას იატაკზე ვერ დააგდებ და ამიტომ ვცდილობ დრო მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას დავუთმო. როგორც უკვე მოგახსენეთ არასრული დატვირთვით ვვარჯიშობ და შესაბამისად რთულია პროფესიონალურ დონეზე სპორტული ფორმის შენარჩუნება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც ამ პირობებში შესაძლებელია ყველაფერი გავაკეთო, თუმცა ეს სამწუხაროდ საკმარისი არაა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ჩვენმა მეტოქემ ვარჯიშები უკვე განაახლა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატი გველის, რომელიც ამავდროულად ტოკიოს 2021 წლის თამაშების სალიცენზიო ტურნირიცაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროულად დაწყება, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ და ამასთანავე ლიცენზიებიც ავიღოთ.ძალოსნობაში ტოკიოს თამაშების ლიცენზიები გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გათამაშებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ჩემპიონატი გადაიდო, შესაბამისად პირველ რიგში რა თქმა უნდა ტოკიოს თამაშებისთვის ლიცენზია უნდა მოვიპოვო და იმედი მაქვს ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პანდემია მალე ჩაივლის და 2021 წელს ტოკიოს თამაშებს ხელს აღარაფერი შეუშლის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები