კაჭარავა შესაძლოა წავიდეს და ქეცბაიას მეტი საფიქრალი გაუჩნდეს
Aa
Aa

კაჭარავა შესაძლოა წავიდეს და ქეცბაიას მეტი საფიქრალი გაუჩნდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ შესაძლოა ''ანორთოსისი'' დატოვოს. კვიპროსული მედიის ცნობით კორონავირუსის პანდემიამდე ბელგიური ''სტ. ტრუიდენი'' ქართველის გადაბირებასთან ახლოს იყო, თუმცა ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში ინფორმაცია უარყო.

sportime.sigmalive კაჭარავას თაობაზე ზოგად ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს მიხედვით ქართველი ფორვარდი რამდენიმე არაკვიპროსულ კლუბს სურს და ქეცბაიას შესაძლო მიხალ დურიშის გარდა კაჭარავას შემცვლელის დამატებაც დასჭირდეს.სლოვაკმა დურიშმა ქეცბაიას გუნდი დატოვა და ქართველ სპეციალისტს მის შემცვლელად გიორგი პაპუნაშვილი ესახება.

CrystalSport-ის ცნობით კაჭარავას გუნდიდან წასვლა რეალურია, თუმცა დაინტერესებულმა კლუბმა ქართველის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ნახევარი მილიონი ევროა. ქართველის ტრანსფერი მეტწილად სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული.

კაჭარავას კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის ზაფხულსა და 2020 წლის ზამთარშიც ვრცელდებოდა. 2019 წლის ზაფხულში კაჭარავას სამხრეთ კორეის ერთ-ერთი კლუბი იწვევდა, ხოლო გასულ ზამთარში ფეხბურთელმა პოზნანის ''ლეხის'' წინადადებას უარით უპასუხა და ''ანორთოსისთან'' ახალი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა.

გასულ სეზონში კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ ზამთარში თემურ ქეცბაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კაჭარავა გოლების გატანას რეგულარულად ვერ ახერხებდა და სტაბილურობა აკლდა. მიუხედავად ამისა, გასულ ზამთარში ''ანორთოსისმა'' 26 წლის ფეხბურთელს ახალი, უფრო სარფიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები