Aa
Aa

"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება", - პოპოვიჩმა მუხლის მოდრეკაზე უარი თქვა

NBA-ს სეზონი ორლანდოში განახლდა და გულშემატკივრებმა უკვე რამდენიმე დიდებული თამაშიც იხილეს. გამთენიისას კი „სან ანტონიოსა“ და „საკრამენტო კინგსის“ შეხვედრის დაწყებამდე ყურადღება ჰიმნის შესრულების დროს გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებამ მიიპყრო, რომელმაც თავის ასისტენტ ბეკი ჰამონთან ერთად Black lives matter-ის აქციის ფარგლებში მუხლის მოდრეკაზე უარი თქვა.

„სან ანტონიოსა“ და აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი გადაწყვეტილების შესახებ პრესასთან ისაუბრა:

„ყველამ პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ლიგამ ამ მხრივ დიდებულად იმუშავა. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომ ჰქონდეს ისეთი რეაგირება როგორიც თავად სურს. რაღაც მიზეზის გამო, მე ისეთი რეაგირება მქონდა, როგორიც მსურდა“. - ციტირებს პოპოვიჩის სიტყვებს BBC.

შეხვედრის დაწყებამდე გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა მწვრთნელმა და კალათბურთელმა ჰიმნისას უნდა გააკეთოს ის, რაც მათ მოესურვებათ.

პოპოვიჩმა აშშ-ში რასიზმის პრობლემის შესახებაც ისაუბრა:

„რასობრივი პრობლემა ჩვენი ქვეყნის მუდმვიდი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისად არასდროს გვიმუშავია. ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენ ქვეყანას გახდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

„ორლანდოს“ მოთამაშემ ჯონათან აიზეკმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და ჰიმნის დროს მუხლი არც მას მოუდრეკია.

პოპოვიჩის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ლეგენდარული სპეციალისტი გააკრიტიკა, თუმცა მას მომხრეებიც გამოუჩნდნენ. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ბეისბოლის კლუბის San Francisco Giants-ის პიტჩერმა სემ კუნროდმაც მიიღო, ამის მიზეზად სპორტსმენმა თავისი რელიგია დაასახელა, თუმცა კრიტიკა მასაც შეხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოპოვიჩის მსგავსად უკვე არაერთი სპორტსმენი და მეტნაკლებად ცნობილი სახე იქცევა, მათ კი სულ უფრო მეტი ადამიანი უბამს მხარს, რაც Black lives matter-ის მიმდევრებს არ მოსწონთ და ყველაფერი სოციალურ ქსელებში (და არამარტო) ადამიანებს შორის დაპირისპირებით სრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები