''ეს დიდი პასუხისმგებლობაა'' - კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია
Aa
Aa

''ეს დიდი პასუხისმგებლობაა'' - კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ''რუბინის'' ქართველმა ლიდერმა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელსაც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე უნდა გამოევლინა.

გამოკითხვაში პრემიერ ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ასევე გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა მიიღო.

რუსული მედია კვარაცხელიას კომენტარს ავრცელებს: ''ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველ შეხვედრაში უნდა დავამტკიცო, რომ ამ პრიზს ვიმსახურებდი, რუსეთში რთულია დრიბლინგების განხორციელება, რადგან რუსული კლუბები ძლიერი დაცვის ხაზით გამოირჩევიან. ვფიქრობ საჭიროა მე და ჩემმა თანაგუნდელებმა უკეთ მოვახერხოთ შესაძლებლობების რეალიზება, გავიტანოთ გოლები და გუნდს დავეხმაროთ.''

კვარაცხელიას, რომელიც ყაზანის ''რუბინს'' 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, ყაზნაურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსულმა ფეხბურთელმა ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ მწვრთნელის ფაქტორი. კვარაცხელიას პროდუქტიულობა ლეონიდ სლუცკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

შეგახსენებთ, რომ ყაზანურმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სეზონში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები