ალთუნაშვილის დიდებული საგოლე პასი - დილა ლიდერობას ინარჩუნებს
Aa
Aa

ალთუნაშვილის დიდებული საგოლე პასი - დილა ლიდერობას ინარჩუნებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში ''საბურთალომ'' გორის ''დილას'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმი ''დილამ'' რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა, თუმცა გიორგი ნემსაძის გუნდი მარცხისგან სპანდერაშვილმა იხსნა.

28-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასის შემდეგ ელვინ ტერამ ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში შესრულებულ საგოლე პასებს შორის ალთუნაშვილის გადაცემა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ფაქტობრივად ''დილას'' დაცვის ხაზი მოჭრა და კენიელი ბრწყინვალე ვითარებაში დატოვა.

პირველი ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა მიკოლა კოვტალიუკი მოედნიდან გააძევა. არბიტრმა ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, უფრო სამართლიანი იქნებოდა უკრაინელი ფორვარდისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

10-კაციანმა გორის ''დილამ'' ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა. მარცხენა მცველმა გიორგი ლაცაბიძემ ფლანგზე იაქტიურა, მალის აჯობა და კარისკენ დაარტყა. რიკოშეტის შემდეგ სპანდერაშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ''დილა'' 16 ქულით პირველზეა. თბილისის ''დინამო'' 15 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო ''საბურთალო'' 13 ქულით მესამეა. თუ ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის ''დინამო'' ''სამტრედიას'' დაამარცხებს, მესამე ადგილზე 14 ქულით გეგუჩაძის გუნდი გადაინაცვლებს.

ფოტო: საბურთალოს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები