შრომა, როგორც გასროლილი ბუმერანგი საოცნებო ლიგაში
Aa Aa

შრომა, როგორც გასროლილი ბუმერანგი საოცნებო ლიგაში

ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან თუ მწვრთნელისგან მომისმენია აზრი, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ შესაძლებლობები ჯერ საქართველოში უნდა გამოავლინოს, საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ითამაშოს და შემდეგ დაფიქრდეს კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე. ცხადია, ამ აზრს ლოგიკა აქვს, მოთამაშე პიროვნულად და პროფესიულად ჩამოყალიბებულია და ახალი გამოწვევის დრო დგება, სირთულეებს ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი ხვდება, თუმცა ეს არ არის ყველა ფეხბურთელისთვის იდეალური გზა, რასაც ქოჩორაშვილის ისტორია ადასტურებს.

ქოჩორაშვილი ლა ლიგაში მესამე ქართველია. გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძისგან განსხვავებით ესპანეთში ჯერ კიდევ მაშინ გადაბარგდა, როცა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არ იყო. პოპულარობა და ცნობადობა მაშინაც აკლდა, როცა 2017 წელს, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა. მის მიმართ ნაკლებ ინტერესს შესაძლოა პოზიციაც განაპირობებდა. მას ე.წ. შავი სამუშაოს შესრულება და მოედნის ცენტრში თამაშის დალაგება ევალებოდა. ქომაგებისთვის მეტწილად სანახაობრივი მხარე დარჩა მეხსიერებაში, ლუკა ლაკვეხელიანის ბრწყინვალე ''ფინტი'', გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი დრიბლინგები თუ გიორგი კოხრეიძის ბრწყინვალე გოლი, თუმცა რასაც ვერ ამჩნევენ ქომაგები, ხედავენ საფეხბურთო აგენტები და როგორც წლებმა აჩვენა ევროპის ჩემპიონატი ყველაზე კარგად ქოჩორაშვილმა გამოიყენა. პორტუგალიასთან, შვედეთთან და ჩეხეთთან პროდუქტიულმა თამაშმა მის მიმართ ინტერესი გააჩინა. მას პორტუგალიური კლუბიც იწვევდა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ოცნება და ამბიცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში, ლა ლიგაში თამაშს გულისხმობდა.

ესპანეთში 2017 წლის ზაფხულში 18 წლის ასაკში წავიდა, საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, გიორგი ჭიაბრიშვილისთვის ფავორიტი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, ''საბურთალოს'' პირველ გუნდში მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ითამაშა და დებიუტიდან მცირე დროში თბილისური კლუბიდან ორწლიანი იჯარით ''ჟირონაში'' გადაბარგდა.

2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი - ქოჩორაშვილის თამაში ჩეხეთის ნაკრებთან

 

ჭკვიანი საყრდენია, ბურთს კარგად ''ანაწილებს'' და მოკლე თუ გრძელი პასების სიზუსტით გამოირჩევა, თუმცა მისი პასები შეტევების გამწვავებისას არ არის ისეთივე შთამბეჭდავი და ლამაზი, როგორიც ნიკა კვეკვესკირს საუკეთესო ფორმაში ყოფნისას ახასიათებს, თუმცა კვეკვესკირთან შედარებით ქოჩორაშვილი უფრო სწრაფია, რაც ლა ლიგაში ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ეტაპზე ქოჩორაშვილის მთავარი გამოწვევა ლა ლიგის ტემპთან შეგუება იქნება და თუ შემტევი სტილის მოყვარული პაკო ლოპესი სათამაშო დროს ეტაპობრივად გაუზრდის, წარმატებული ესპანური კარიერის შექმნის ბრწყინვალე შანსს მიიღებს.

''ჟირონაში'' თამაშისას ''ბარსელონას'' 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ

გარკვეული ფაქტები ფეხბურთელის პირადად გაცნობის გარეშეც შეგვიძლია მისი წარმატების წინაპირობად მივიჩნიოთ. როგორ ცხოვრობს ფეხბურთელი მოედნის მიღმა, რას სახავს პრიორიტეტად და როგორ ანაწილებს დროს გართობისთვის და დასვენებისთვის, ბუმერანგივით უბრუნდება წლების შემდეგ. მაგალითად, გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი პაპუნაშვილს შორის პარალელი რომ გავავლოთ, ''ლევანტეს'' მოთამაშე ესპანურად კარგად საუბრობს, მისი მოტივაცია თავიდანვე არ მოიცავდა მხოლოდ მინდორზე კარგად გამოსვლას, მას იმ კულტურულ სივრცესთან ინტეგრირებაც სურდა, სადაც ოცნებების ასრულებას გეგმავდა და როცა კარიერა 18 წლის ასაკში კატალონიურ ''ჟირონაში'' გააგრძელა, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ენის შესწავლა იყო. ის ფაქტი, რომ 2017 წელს ''სარაგოსაში'' გადასული პაპუნაშვილი დღემდე ქართულად, თარჯიმნის დახმარებით კონტაქტობს ესპანურ მედიასთან, ხოლო ქოჩორაშვილი ლა ლიგაში დებიუტის შემდეგ ესპანურად გამართულად საუბრობს, ქმნის საფუძვლიან წარმოდგენას, რომ ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში მოხვედრის გზაზე უფრო მეტი ძალისხმევა გაიღო და უფრო მეტი ფაქტორი გაითვალისწინა. ის აზრი, რომ ფეხბურთის ენა ყველამ იცის და გარემოსთან შესაბამისი ენის სწავლა საჭირო არაა, მაღალი დონის ლიგაში მოხვედრისთვის სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურია.

შესაძლოა, ნაკლებად ნიჭიერისთვის ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრება უფრო მარტივი აღმოჩნდეს ვიდრე ტალანტისთვის, რომელიც 17 წლის ასაკში ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ ვერ გაიაზრა, რომ პროფესიული ზრდა მხოლოდ პიროვნული განვითარების პარალელურადაა შესაძლებელი. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობის გამო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა, საუკეთესო წლები, როცა ევროპულ სტადიონებზე ქომაგებისთვის სიამოვნება უნდა მიენიჭებინათ, ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და ზღვარგადასულ გართობას მიუძღვნეს, ფრაგმენტულად ლამაზი თამაშით თავი დაგვამახსოვრეს, წლების შემდეგ კი სინანულით სავსე ინტერვიუები ჩაწერეს და გაცილებით ნაკლები ფინანსები გამოიმუშავეს ვიდრე შეეძლოთ.

მაშინ როცა ქართული საკლუბო ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტზეა ''ჩამოკიდებული'' და ფეხბურთის ბიზნესად ქცევის საფუძველი ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე არ ჩანს, შემოსავლის მიღების ყველაზე რეალური წყარო ნიჭიერი ფეხბურთელების უცხოურ კლუბებში გაყიდვაა, რაც საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა თუ ხარაიშვილი პროგრესს გააგრძელებს და უფრო ძლიერ კლუბში გადაბარგდება, ამავდროულად ქოჩორაშვილი ''ლევანტეში'' დამკვიდრდება და ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთში თავს გამოიჩენს, ''საბურთალოს'' ფეხბურთელების მიმართ მოთხოვნა გაიზრდება, რაც უპირველესად ''საბურთალოს'' სხვა ფეხბურთელების გაყიდვისას სატრანსფერო თანხების ზრდაში უნდა აისახოს.

გაზიარება: