Aa
Aa

ახალი რეკორდი! - ლუკაკუმ ისტორია დაწერა

რომელუ ლუკაკუმ ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში „ლევერკუზენს“ გაუტანა და ამ ტურნირის ყველა დროის ახალი რეკორდი დაამყარა.

ბელგიელმა თავდამსხმელმა გათამაშების ზედიზედ მე-9 შეხვედრაში შეაგდო, რაც როგორც უეფას თასის, ასევე ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ალან შირერს, რომელმაც 2005 წელს უეფას თასის ზედიზედ 8 თამაშში გაიტანა.

ლუკაკუს საგოლე სერია ჯერ კიდევ 2015 წლიდან იწყება, როცა იგი „ევერტონის“ რიგებში თამაშობდა. ლივერპულელთა მაისურით ევროპა ლიგაზე ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა, რის შემდეგაც წლევანდელ სეზონამდე ამ ტურნირზე აღარ უთამაშია, „ინტერის“ რიგებში კი თავი უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა.

27 წლის ბელგიელს თავისივე სარეკორდო სვლის გაგრძელების საშუალება 1/2 ფინალურ მატჩში ექნება. „ინტერის“ მეტოქე დღეს გასამართ „შახტარისა“ და „ბაზელის“ შეხვედრაში გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ მილანური გრანდის ისტორიის ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელსაც უმიზნებს. 1997-98 წლებში, „ნერაძურის“ მაისურით თავისთვის სადებიუტო სეზონში ლეგენდარულმა რონალდომ ყველა ტურნირის ეგიდით 34 გოლი გაიტანა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია. ლუკაკუსთვისაც წელს სადებიუტო სეზონია, მას მეტოქეთა კარი 31-ჯერ აქვს აღებული და „ფენომენის“ რეკორდამდე 3 გოლი აშორებს.

„ინტერმა“ „ლევერკუზენი“ ბარელასა და ლუკაკუს გოლებით 2:1 დაამარცხა და უეფას თასის ან ევროპა ლიგის 1/2 ფინალში მერვედ გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში არც ერთ სხვა კლუბს არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები