Aa
Aa

ლაიფციგი VS ატლეტიკო - მატჩის შემდეგ

„ლაიფციგი“ 32-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს. გერმანელებმა 1/4 ფინალურ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ დანი ოლმოსა და ტაილერ ადამსის გოლებით 2:1 მოუგეს. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასეს.

ჯულიან ნაგელსმანი: „პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია, სამაგიეროდ, თავს კარგად ვიცავდით. მნიშვნელოვანია, რომ შენს საჯარიმოსთან „ატლეტიკოს“ ბევრი შესაძლებლობა არ მისცე. ჩვენი შემტევი თამაში დღეს სხვა ტიპის იყო და მეტოქეზე მეტი საგოლე ეპიზოდიც შევქმენით.

სრულიად ნორმალურია, რომ შემდეგ ეტაპზე გასულს კიდევ უფრო მეტის მიღწევა გსურდეს. დღეს ბედნიერები ვართ, ხვალიდან კი პსჟ-სთან თამაშზე ზრუნვას დავიწყებთ. ეს მორიგი რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმით ვიმოქმედებთ“.

მთლიანად ტურნირის ისტორიაში „ლაიფციგი“ მისი 75-ე ნახევარფინალისტია. 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს დებიუტანტი ჰყავს. ლაიფციგელთა 21 წლის შემტევი ტაილერ ადამსი გახდა პირველი ამერიკელი მამაკაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა.

დიეგო სიმეონე: „დღევანდელ მატჩში ჩავდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა და ისინი ჩვენზე სწრაფები იყვნენ. გრძელი სეზონი გამოვიდა, უდიდესი წნეხით და ჩემპიონთა ლიგაზე გადმორთვა იოლი არ იყო.

ვერ შევძელით, ისე გვეთამაშა, როგორც გვსურდა. მომეწონა „ლაიფციგის“ ენთუზიაზმი და სიცოცხლით სავსე თამაში. ჩვენ კი მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ეს მხოლოდ 1/4 ფინალში გასასვლელად გვეყო. ეს ყველაფერი სამართლიანად უნდა მივიღოთ და მეტოქეს მივულოცოთ“.

სიმეონეს გუნდი გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალურ ეტაპზე დამარცხდა, იქამდე კი საერთოდ ჯგუფური სტადიის ბარიერი ვერ დასძლია.

„ლაიფციგი“ თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავს. თამაში ლისაბონში, „ესტადიო და ლუჟზე“, 18 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები