Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისკოსნაირი მოთამაშე გჭირდება" - პირლო სატრანსფერო გეგმები

მადრიდული AS-ის ცნობით, ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს ხილვა სურს. ტურინული კლუბი საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.

იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა გაიხსენა პირლოს კომენტარი, რომელიც მან „იუვენტუსის“ „აიაქსთან“ გასულ წელს განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა: „ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისკოსნაირი მოთამაშეა საჭირო. ნახევარდაცვა ყველაფრის გასაღებია. შენ გყავს კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ გჭირდება გზა, რომლითაც მასთან ბურთის მიტანას შეძლებ“.

როგორც ესპანური პრესა კარგა ხანია წერს, 28 წლის ისკო ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში დიდად არ ჯდება და ფრანგი მას კლუბიდან წასვლაში ხელს არ შეუშლის.

სააგენტო transfermarkt-ი ესპანელ შემტევს 40 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, რადგან მას „რეალთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, სავარაუდოდ, „სამეფო კლუბი“ ტრანსფერში უფრო მაღალ თანხას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პირლოს „იუვენტუსში“ სანდრო ტონალის ხილვაც სურს, მაგრამ ფეხბურთელის „ინტერში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აპენინურმა პრესამ „იუვესთან“ ბოლო დღეებში ალექსანდრ ლაკაზეტი, ედინ ჯეკო, არკადიუშ მილიკი, რაულ ხიმენესი, სებასტიანო ესპოზიტო, ანდრეა პინამონტი და ტომას პარტეიც დააკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები