დვალის დაბრუნება: ქართველმა  291-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
Aa
Aa

დვალის დაბრუნება: ქართველმა 291-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

უნგრული ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. უნგრეთის 2020-21 წლების სეზონის პირველ ტურში ბუდაპეშტის მტკ-სთან გასვლით შეხვედრაში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. 

სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ''ფერენცვაროში'' მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ანდრე რებროვის გუნდმა 1 ქულა მოიპოვა.

ლაშა დვალს 2019 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. აღნიშნულ დღეს მან ''ფეჰერვარის'' წინააღმდეგ 90 წუთი გაატარა მინდორზე. მას შემდეგ ზუსტად 291 დღე გავიდა.

ლაშა დვალი გასახდელში მატჩის დაწყებამდე

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი რომ არ გადადებულიყო, 25 წლის ფეხბურთელი ბელარუსთან ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებდა, ახლა კი გამოჯანმრთელდა და აღნიშნული მატჩისთვის მოსამზადებლად დიდი დრო აქვს.

გასული სეზონის პირველ ნახევარში ''პოგონის'' ექს-ფეხბურთელს მუხლის შიდა მყესი დაუზიანდა, შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა და მიმდინარე ზაფხულში, ივნისში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, ლაშა დვალი ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელი 2019 წლის ზამთარში გახდა. გასულ ორ სეზონში ქართველი მცველი გუნდთან ერთად უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები