ისევ სევილია! - ანდალუსიელთა მეექვსე ტრიუმფი უხვგოლიან ფინალში!
Aa
Aa

ისევ სევილია! - ანდალუსიელთა მეექვსე ტრიუმფი უხვგოლიან ფინალში!

ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული ესპანური "სევილია" გახდა! ანდალუსიელებმა თავიანთთვის ყველაზე წარმატებული ტურნირის ფინალში მილანის "ინტერს" 3:2 მოუგეს.

შეხვედრაში ანგარიში პენალტიდან მე-5 წუთზე გახსნა რომელუ ლუკაკუმ, რომელმაც ევროპა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაშში შეაგდო და ტურნირის ისტორიაში თავისივე სარეკორდო სვლა გააუმჯობესა. ასევე, ბელგიელმა რონალდო ლუის ნაზარიოს შედეგიც გაიმეორა. "ფენომენომ" და ლუკაკუმ "ინტერის" რიგებში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 34-34 გოლი მიითვალეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სევილიელებმა ლუუკ დე იონგის გოლით 7 წუთში გაათანაბრეს. ნიდერლანდელმა ხესუს ნავასის პასი გამოიყენა. 33-ე წუთზე კი დე იონგს საგოლე გადაცემა ევერ ბანეგამ გაუკეთა და მანაც დუბლი შეასრულა - 2:1. თუმცა, "სევილიამ" ტაიმი მაინც ვერ მოიგო - 36-ე წუთზე ბროზოვიჩის პასით დიეგო გოდინმა შეაგდო და გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა თასის/ლიგისა და უეფას თასი/ევროპა ლიგის ფინალში გაუტანია, მის გარდა იგივე სტივენ ჯერარდს, ერნან კრესპოს, დმიტრი ალენიჩევს, ალან სიმონსენსა და პედროს აქვთ გაკეთებული.

ტიტულის მომტანი გოლი სევილიელებმა 74-ე წუთზე გაიტანეს, რაშიც მათ რომელუ ლუკაკუ დაეხმარა. ბელგიელმა ბურთი თავისი გუნდის კარში ჩაჭრა და უხვგოლიანი ფინალის საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.

შედეგად, "სევილიას" ამ ტურნირის ფინალში ისევ არ წაუგია და ტიტული მეექვსედ მოიგო, რაც გათამაშების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მის შემდეგ 3-3 ჩემპიონობით "ლივერპული", "იუვენტუსი", "ატლეტიკო" და "ინტერი" მოდიან.

უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ლუუკ დე იონგი, რომელიც ფინალში დუბლის შემსრულებელი მე-12 მოთამაშეა - ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია. დე იონგი ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში ორი გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

2019-20 წლების ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში გახდა. პორტუგალიელმა მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო - 5-ჯერ "სპორტინგის" მაისურით გაიტანა, 3-ჯერ კი - "იუნაიტედის".

"სევილიამ" უეფა-ს სუპერ თასზე ასპარეზობა გაინაღდა. გუნდი 24 სექტემბერს ბუდაპეშტში პსჟ-სთან ან მიუნხენის "ბაიერნთან" ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები