Aa
Aa

"ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით" - ცინცინატის ტურნირის დღევანდელი მატჩები გადაიდო

ამერიკის ქალაქ ცინცინატიში მიმდინარე მამაკაცთა და ქალთა ტურნირებზე დღეს არც ერთი მატჩი არ ჩატარდება. ATP და WTA ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს ამ ფორმით აპროტესტებენ.

„როგორც სპორტი, ჩოგბურთი გამოხატავს პოზიციას რასობრივი უთანასწორობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ფაქტი კიდევ ერთხელ განმეორდა აშშ-ში, ამიტომ ATP-მ, WTA-მ და ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციამ გადავწყვიტეთ, დღეს მატჩები არ ჩატარდეს და გათამაშებები ხვალიდან, 28 აგვისტოდან განახლდეს“.

აშშ-ში მორიგი საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი 23 აგვისტოს ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მომხდარი ინციდენტია. პოლიციელმა აფროამერიკელ მამაკაც ჯეიკობ ბლეიკს მისივე შვილების თვალწინ ზურგში 7 ტყვია ესროლა. ბლეიკი გადარჩა, მაგრამ წელსქვემოთ პარალიზებულია და თუკი ამერიკულ პრესას ვენდობით, დიდი შანსია, დამოუკიდებლად ვეღარასდროს გაიაროს.

ცინცინატის მასტერსზე, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის, ნახევარფინალური ეტაპის ჯერია და მატჩები 28 აგვისტოს გაიმართება. ქალთა შორის ერთ-ერთმა ნახევარფინალისტმა ნაომი ოსაკამ, ასევე პროტესტის ნიშნად, თამაშზე უარი თქვა და ფინალის საგზური ელიზ მერტენსს დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები