ანწუხელიძეს თასი - ტურნირის გამარჯვებული ბათუმში გამოვლინდა
Aa
Aa

ანწუხელიძეს თასი - ტურნირის გამარჯვებული ბათუმში გამოვლინდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის, ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა. 

ფინალურ შეხვედრებში თასის მოსაპოვებლად თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 8 გუნდმა იასპარეზა. ფინალში ერთმანეთს გენერალური შტაბის გუნდი “ორბი” და დასავლეთ სარდლობის გუნდი “ნუგელა” დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ “ნუგელას” გამარჯვებით, ანგარიშით 11:7 დასრულდა. 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა – მე-2 ადგილი მოიპოვა გენერალური შტაბის გუნდმა “ორბი”, ხოლო მე-3 ადგილი – სამხედრო პოლიციის გუნდმა “სარანგი”. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა. პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულმა წევრმა ჯილდოდ 1500 ლარი მიიღო. თავდაცვის მინისტრის საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების მოთამაშეებსაც ერგოთ – 1000 და 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულ გუნდებს მედლებიც გადაეცათ. 

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მის დაბადების დღეს 18 აგვისტოს გაიხსნა და ის ყოველ წელს გაიმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გიორგი ანწუხელიძის ვაჟს, რომელსაც სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდი ინტერესი გააჩნია, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს და კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე შესწავლაში დაეხმარება. 

ტურნირი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით დასრულდა. “3X3 კალათბურთში“ თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდმა იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები