ბრეონა ტეილორის ისტორია - ნაომი ოსაკამ გარდაცვლილს პატივი მიაგო
Aa
Aa

ბრეონა ტეილორის ისტორია - ნაომი ოსაკამ გარდაცვლილს პატივი მიაგო

ნაომი ოსაკა ამჟამად ამერიკის ღია პირველობაზე გამოდის. იაპონელი ჩოგბურთელი 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 - ზე კამილა გიორგის დაუპირისპირდება. დღევანდელ ვარჯიშზე ნაომი სპეციალური პირბადით გამოცხადდა. პირბადეზე ამოტვიფრული იყო უცნობი ქალის სახელი და გვარი - ბრეონა ტეილორი.

ამასთან დაკავშირებით ოსაკამ CNN-თან ინტერვიუ ჩაწერა და აღნიშნა, რომ ხალხმა ბრეონა ტეილორის ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს.

"ჩოგბურთს მთელი მსოფლიო უყურებს და შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს ხალხს ბრეონას ისტორია მოვუყვე. 160 დღის წინ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი პოლიციელი ტეილორის სახლში მივიდა და კარებზე უხეშად დააკაკუნა. სამივე მათგანს იარაღი ჰქონდა მომარჯვებული. სახლში ბრეონას შეყვარებული იმყოფებოდა, რომელმაც ამ ყველაფრის დანახვაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ტეილორის მეგობარმა მამაკაცმა არ იცოდა, რომ მათ სახლთან პოლიციელები იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ გაისროლა იარაღიდან. "სტუმრებმა" იმ წამსვე საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ბრენ ტეილორი და მისი შეყვარებული ადგილზე დაიღუპნენ. აღსანიშნავია ის, რომ ორივე მათგანი შავკანიანი იყო. მინდა ყველას გავაგებინო, რომ ბრეონა დამწყები მედდა და კეთილი ადამიანი იყო. ის უსამართლოდ მოკლეს. ბრეონა რომ თეთრკანიანი ყოფილიყო, მას არ ესროდნენ." - ციტირებს CNN ოსაკას სიტყვებს.

22 წლის ჩოგბურთელის თქმით, მას კიდევ 7 ასეთი პირბადე აქვს, რომლებსაც სხვადასხვა გარდაცვლილი ადამიანის სახელები აწერია. 1 კვირის წინ ნაომი "ცინცინატის" მასტერსის ნახევარფინალიდან მოეხსნა. მიზეზი ჯეიკობ ბლეიკის საკითხი გახლდათ.

რამდენიმე დღის წინ, ნაომიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც ჩანან პოლიციელები, რომლებიც შავკანიან ბავშვებს იარაღის მუქარით აკავებენ. ვიდეოს თან ახლავს ისტორია. შავკანიან ბავშვებს გაურკვეველი პირები დაესხნენ თავს და მათ პოლიცია გამოიძახეს. იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავებს დამნაშავეები დაეკავებინათ, ხსენებული ბავშვების დაპატიმრება გადაწყვიტეს. 

იაპონელი ჩოგბურთელის აზრით შავკანიან ადამიანებზე გენოციდი გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები