Aa
Aa

"ჩემთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება" - ჯოკოვიჩმა ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა

ATP-ის რეიტინგის პირველმა ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ არ მისცა, მაგრამ დღეს სერბი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პირველ კომენტარს აკეთებს.

"ძალიან მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ბოდიშს გიხდით ჩემი საქციელისთვის. მთლიანად მომხდარმა შინაგანად გამომფიტა, ინციდენტის შემდეგ იმ წამსვე შევამოწმე ხაზის მსაჯის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებმა მითხრეს, რომ ის კარგად არის და მადლობა ღმერთს, დარტყმა ძლიერი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, უნდა დავბრუნდე და საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო. ამ იმედგაცრუებამ არ უნდა გამტეხოს. ბოდიშს ვუხდი ამერიკის ღია პირველობას, ჩემს გუნდსა და გულშემატკივრებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გამამხნევეს და თბილი სიტყვები არ დაიშურეს."

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის 1/8 ფინალში პაბლო კარენოს-ბუსტას უპირისპირდებოდა. სერბი ჩოგბურთელი პირველ სეტს ბრეიკით 5:6 აგებდა. საკუთარი მოწოდების წაგების შემდეგ ნოვაკმა ბურთი უკანა ხაზის მსაჯს ყელის არეში მოარტყა.

არბიტრი ძირს დავარდა და სუნთქვა შეეკრა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჯოკოვიჩი ამ ინციდენტის გამო ტურნირიდან მოხსნეს, ჩამოართვეს ყველა დაგროვებული ქულა და ფულადი ჯილდო, რომელიც მან ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები