UFC-ის მებრძოლის ტრაგიკული ცხოვრება და დიდი გამარჯვება - ჯოშ სემენის უცნობი ისტორია
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლის ტრაგიკული ცხოვრება და დიდი გამარჯვება - ჯოშ სემენის უცნობი ისტორია

UFC-ის სტაჟიანი ქომაგების მეხსიერებაში ჯოშ სემენის სახელი და გვარი 2016 წლის 29 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება... იმ დღეს, სემენი და მისი მეგობარი სამხრეთ ფლორიდაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს... მისი მეგობარი კოკაინის, ჰეროინისა და ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირების დიაგნოზით საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ჯოში კი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მისი სიცოცხლე 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა.

UFC-ის გულშეტკივრებისთვის სემენის მემკვიდრეობა სწორედ ამან განსაზღვრა. არადა, მანამდე იყო რამდენიმე ტრაგედია, რომელმაც ამ ბიჭის ცხოვრებას უდიდესი დაღი დაასვა...

UFC-ში ჩატარებული სადებიუტო ბრძოლის შემდეგ, ჯოშს თავის მეგობარ გოგონასთან, რომელიც პარალელურად ავტომობილს მართავდა და სემენის სანახავად სახლისკენ მიემართებოდა, მიმოწერა ჰქონდა. საგზაო წესების დარღვევამ ტრაგიკული შედეგი გამოიღო... ამერიკელი მებრძოლის მეგობარი გოგონა ავარიაში მოყვა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სემენი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა არ დანებებულა... დროის გასვლასთან ერთად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და UFC-ში ბრძოლის ჩასატარებლადაც ემზადებოდა, როცა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბარძაყის უკანა სამთავა კუნთი გაიწყვიტა. ჯოშის პრობლემები ამით არ დასრულებულა. დაახლოებით ამ პერიოდში სემენის მამინაცვალი გარდაიცვალა, რომელთანაც მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა...

საყვარელი ადამიანების დაკარგვით განადგურებულმა და ტრავმით გაწამებულმა მებრძოლმა უეცრად აღმოაჩინა, რომ UFC 181 6 დეკემბერს, მისი დაღუპული მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე უნდა გამართულიყო. ჯოში ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩხუბის უფლება მიიღო.

სემენმა ედი გორდონი დაამარცხა, ენტონი პეტისთან ერთად UFC 181-ზე საუკეთესო პერფორმანსის ავტორი გახდა და კარიერაში ალბათ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მეგობარ გოგონასა და მამინაცვალს მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები