Aa
Aa

კავაის კვლავ ვერ აჩერებენ - კლიპერსი პირველ ფინალთან ძალიან ახლოსაა

ლოს-ანჯელეს „კლიპერსმა“ „დენვერ ნაგეთსი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა და თავის ისტორიაში პირველ კონფერენციის ფინალს ერთი მოგებაღა აშორებს. დოკ რივერსის გუნდმა საწყის მეოთხედში მოპოვებული 14-ქულიანი უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა, მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და დამაჯერებლად, 96-85 იმარჯვა.

„კლიპერსს“ კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 30 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტი გაიფორმა. მონტრეზლ ჰარელმა 15 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ლუ უილიამსი კი 12 ქულას, ხოლო პოლ ჯორჯი 10 ქულას დასჯერდა.

„დენვერის“ მხრიდან 26 ქულით, 11 მოხსნითა და 6 ასისტით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა. ჯამალ მიურეიმ 18 ქულა დააგროვა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა თავი 15 ქულას მოუყარა. გარი ჰარისმა კი 10 ქულა ჩააგდო.

„კლიპერსი“ 1970 წელს დაარსდა და კონფერენციის ფინალში არცერთხელ გასულა. დოკ რივერსის გუნდს უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის კარგი შანსი აქვს. ლოს-ანჯელესელები სერიაში 3-1-ს იგებენ და 12 სექტემბერს, თბილისის დროით 03:00-ზე მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები