Aa
Aa

US Open-ზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კვირას, თბილისის დროით 00:00-ზე ჩემპიონის ვინაობას ნაომი ოსაკა და ვიქტორია აზარენკა გაარკვევენ.

22 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ფინალში მესამედ გავიდა. ოსაკამ სამ სეტში, 7:6, 3:6, 6:3 იმარჯვა და US Open-ის მეორედ მოგებას შეეცდება.

ნაომის მომავალ მეტოქეს რაც შეეხება, აზარენკამ ასპარეზობას სერენა უილიამსი გამოთიშა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი შესანიშნავად ჩაატარა და ვიქტორია 6:1 დაამარცხა, თუმცა ბელარუსელმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და მეორე და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით, 6:3, 6:3 მოიგო.

აზარენკამ სერენას კარიერაში მეხუთედ სძლია და დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეხუთედ გავიდა. 31 წლის ვიქტორიას ნაომი ოსაკას წინააღმდეგ სამი შეხვედრა აქვს გამართული და იაპონელის დამარცხება მხოლოდ ერთხელ, 2016 წლის Australian Open-ზე შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები