Aa
Aa

"რუსულ კლუბში გადასვლა უაზრობა იქნება... ხვიჩა ევროპულ ტოპ კლუბში გადავა"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ matchtv-ისთან ჩაწერილ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რუსულ კლუბში არ გაყიდიან, რადგან თუ „კვარა“ სადმე წავა, ეს მხოლოდ ევროპა იქნება.

„შემიძლია 100%-ით გითხრათ, რომ ხვიჩა არ იყიდება. 15 მილიონი ევრო „ლოკომოტივისგან“? არცერთი კლუბის წინადადება არ გვაინტერესებს. ახლა ხვიჩასთვის სხვა რუსულ კლუბში გადასვლა სრული უაზრობა იქნება.

იგი ახლა ზრდის პროცესშია და შეუფასებელია. ამჟამად მისთვის მთავარი გუნდში თამაშია, სადაც მას ენდობიან და თავისი სუპერშესაძლებლობების განვითარებაში ხელს შეუწყობენ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როცა გუნდში ასეთი პოტენციალის მქონე მოთამაშე გვყავს, ის ადრე თუ გვიან წავა. ეს გარდაუვალია. მისმა მსგავსმა ფეხბურთელებმა კარიერის გარკვეულ ეტაპზე განვითარებისთვის ეს ნაბიჯი უნდა გადადგან.

ხვიჩას არსად ეჩქარება, მასთან ყველაფერი დაწვრილებით განვიხილეთ. ის ახლა ბედნიერია. „კვარა“ მომენტისგან სიამოვნებას იღებს.

ის ევროპულ ტოპ კლუბში აუცილებლად გადავა და ძალიან ძვირიც ეღირება, მაგრამ კლუბისთვის ახლა ცუდი დროა, რომ იგი გაყიდოს. ხვიჩას ამჟამად ის ნდობა სჭირდება, რასაც „რუბინში“ იღებს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მოსკოვის ''დინამოსთან'' გასვლით შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა. 43-ე წუთზე კი კვარაცხელია შეცვალეს. მას მეტოქესთან შეჯახებისას ცხვირი გაუტყდა. ამ ეტაპზე უცნობია როგორ მდგომარეობაშია 19 წლის ქართველი ტალანტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები