ტრავმით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ვიტო კოლელიშვილმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ტრავმით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ვიტო კოლელიშვილმა კარიერა დაასრულა

ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს.

ბრძოლა დაბრუნებისთვის

მოედანზე სრული თავგანწირვით, თავისა და მეტოქის დაზოგვის გარეშე მოთამაშე კოლელიშვილს „უხილავი ტრავმა“, ტვინის შერყევები მოუმრავლდა, რის გამოც დაახლოებით ორი წლის წინ აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ვიტომ ბოლომდე იბრძოლა და რამდენჯერმე სცადა დაბრუნება, მაგრამ დატვირთვების ზრდას თან სდევდა სიმპტომების განახლება, რამაც მას სპორტსმენისთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება აიძულა:

„ბოლო წლებში ძალიან ბევრი ტრავმა დამიგროვდა და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამაშს ვახერხებდი, ორი წლის განმავლობაში მოედანზე სულ ტრავმების ფონზე გავდიოდი. მქონდა იმედი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა, თუმცა სრულფასოვანი დაბრუნება ვერ მოვახერხე, ტრავმას ტრავმა ემატებოდა და საბოლოოდ ორგანიზმმა უარი მითხრა“.

„ძალიან ბევრჯერ მომიწია გაჩერება და ყველაფრის თავიდან დაწყება. დაბრუნების შემდეგ სულ მქონდა ფიქრი – „ეს აღარ უნდა დამემართოს“, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ორი თუ სამი ტვინის შერყევა ვარჯიშებზე მივიღე და სულ ვნატრობდი, რაიმე მაგარ თამაშზე მაინც მომსვლოდა. ტვინის შერყევა თვალით არ ჩანს, მაგრამ ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს – სულ თავი გტკივა, ცუდ ხასიათზე ხარ… ფიქრობ, კარიერის დასრულებაზე ფიქრს თავი აარიდო, მაგრამ ტკივილები, სიმპტომები არ გეშვება. მე კი ის მოთამაშე არ ვარ მოედანზე გავიდე და თავის დაზოგვაზე ვიფიქრო. 7-8 თვის დასვენების შემდეგ ვარჯიში განვაახლე და როდესაც სიმპტომები კვლავ განმიახლდა, გადავწყვიტე ექიმებისთვის დამეჯერებინა, წინ გამეხედა და მომავალზე მეფიქრა“.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები