17 წლის ბრაზილიელი მეკარე - ლივერპული ახალ ტრანსფერს აკეთებს
Aa
Aa

17 წლის ბრაზილიელი მეკარე - ლივერპული ახალ ტრანსფერს აკეთებს

სპორტული გამოცემა GOAL გვამცნობს, რომ "ლივერპული" 17 წლის ბრაზილიელ მეკარეს მარსელო პიტალუგას ყიდულობს. "მერსისაიდელები" მასში 2 მილიონ ევროს გადაიხდიან და მომდევნო კვირაში პიტალუგა სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მარსელო ამჟამად "ფლუმინენსეს" ღირსებას იცავს, სადაც პირველ გუნდში არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ აქვს ჩატარებული. ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავს გერმანული პასპორტი აქვს, რაც სრულწლოვან ასაკამდე ევროპულ გუნდში გადასვლის საშუალებას იძლევა. 

პიტალუგა "ფლუმინენსეში" 10 წლის ასაკიდან ასპარეზობს. ბრაზილიელმა კლუბს გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა. 

"დიდი მადლობა ყველას. მე აქ 10 შესანიშნავი წელი გავატარე და მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას, სითბოს და გვერდში დგომას. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ რათა მე უკეთესი ვყოფილიყავი. ფუტზალის გუნდიდან მოყოლებული მე ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები" 

2019 წელს, 17 წლის მეკარე ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ რაც ტრანსფერის შესახებ ცნობილი გახდა, პიტალუგამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე აეროპორტში გადაღებული ფოტო დადო და დააწერა "YOU WILL NEVER WALK ALONE" ("შენ არასდროს ივლი მარტო"). ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ტრანსფერი მართლაც რეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები