Aa
Aa

იოკიჩის ისტორიული მატჩი, მიურეის 40 ქულა და დენვერის სასწაული - ნაგეთსმა კლიპერსი დაამარცხა

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ შეხვედრაში ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება. კოლორადოელებმა „კლიპერსს“ მეშვიდე შეხვედრაში 104-89 სძლიეს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორია დაწერეს. „დენვერი“ NBA-ში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის ერთ გათამაშებაში 3-1-დან სერია მინიმუმ 2-ჯერ შემოაბრუნა.

„კლიპერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 2 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარი საშინლად ჩაატარა. ლოს-ანჯელესელებმა მესამე მეოთხედში 18 ქულა ჩააგდეს. გადამწყვეტ თორმეტწუთეულში კი პარკეტიდან პირველი ქულების ასაღებად დაახლოებით 7 წუთი დასჭირდათ და დამსახურებულად დამარცხდნენ.

„ნაგეთსის“ წარმატების მთავარი შემოქმედები ჯამალ მიურეი და ნიკოლა იოკიჩი იყვნენ. კანადელმა 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც მეშვიდე შეხვედრაში 40 ქულა ჩააგდო. იოკიჩს რაც შეეხება, სერბმა ცენტრმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 16 ქულა, 22 მოხსნა, 13 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება გაიფორმა.

„ჯოკერი“ NBA-ის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მეშვიდე შეხვედრაში მინიმუმ 20-მოხსნიანი სამმაგი დუბლი გააკეთა. ამასთან, NBA-სა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, პლეიოფის მატჩში 20-მოხსნიანი ტრიპლ დაბლი მხოლოდ სამ კალათბურთელს, ნიკოლა იოკიჩს, კევინ გარნეტსა და ტიმ დანკანს აქვთ შესრულებული.

„კლიპერსს“ რაც შეეხება, ლოს-ანჯელესელთა სუპერვარსკვლავებმა, კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა 38-დან მხოლოდ 10 ბურთი ჩააგდეს და ჯამში 24, ხოლო მეორე ტაიმში სულ რაღაც 5 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „ლეიკერსისა“ და „დენვერის“ პირველი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები