„რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი
Aa
Aa

„რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი" - საგანგებო განცხადება რაგბის კავშირში

რაგბის კავშირში შემავალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს და რაგბის კავშირსა და მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

ბრიფინგზე საზოგადოებას სანდრო საკანდელიძემ მიმართა და განაცხადა, რომ რამაზ ხარაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა: „ძალიან ცუდ ფაქტზე ვარ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“.

ამის შემდეგ, საკანდელიძემ რაგბის კავშირთან არსებული საბჭოსა და კლუბების მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომხდარი რაგბიდან კლანის მოშორების პროცესს უკავშირდება.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზია ის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია 7-კაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი, რამაზ ხარაზიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა მორაგბეს სახელით ჩვენ გვინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და გარწმუნებთ, მომავალშიც იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. ჩვენ მომავალშიც ბევრ სიხარულს მოგიტანთ. ოღონდ, მანამდე ერთი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის რაგბის თემიდან კლანის მოშორება.

ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლის მოწმეებიც დღეს გავხდით, გამოწვეულია იმით, რომ რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირშია დამკვიდრებული და ყოველ წელს თავის მარწუხებს უფრო მჭიდროდ უჭერს თემს. გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ამ კლანთან ბრძოლა 5 წელია, რაც მიდის, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა, რადგან თითოეული მორაგბე ვუფრთხილდებოდით რაგბის დადებით იმიჯს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა, 2020 წლიდან რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა.

ივნისში, მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირი აბსოლუტურად პარალიზებული იყო და რაგბის კავშირში არ ფუნქციონირებდა კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრიც იყო რამაზ ხარაზიშვილი. კლანი ეწინააღმდეგებოდა ამ საბჭოს დაკანონებას და აყენებდა პირობას, რომ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა რაგბის კავშირთან მოლაპარაკება, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქართულ რაგბის აღმოუჩინა უპრეცედენტო დახმარება: გაზარდა კლუბების დაფინანსება, დაგვეხმარა ჩემპიონატის ორგანიზებაში და დღეს, მის მიერ ახალი, დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში განახორციელა რაგბისთვის სასარგებლო არაერთი ინიციატივა, რისი დაგვირგვინებაც არის 8 ერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა.

ამის პასუხად, კლანმა დაარღვია თავისი პირობა და გამგეობის სხდომაზე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა კლანი ეწინააღმდეგება, როგორც მორაგბეთა თემს, ისე სახელმწიფოს. ამიტომ, მოვითხოვთ რაგბის გამგეობის გადადგომას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები