„ატლეტიკო“ სუარესით ინტერესდება - ურუგვაელი „ბარსასგან“ 14 მილიონ ევროს ითხოვს
Aa
Aa

„ატლეტიკო“ სუარესით ინტერესდება - ურუგვაელი „ბარსასგან“ 14 მილიონ ევროს ითხოვს

სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ატლეტიკო“ ლუის სუარესის გაფორმებას გეგმავს. „როხიბლანკოს“ მესვეურებმა იციან, რომ მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, მაგრამ თვლიან, რომ ეს შეუძლებელი ნამდვილად არ გახლავთ.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მადრიდელები ურუგვაელისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებენ, თუ „ელ პისტოლერო“ „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს. როგორც ირკვევა, დიეგო სიმეონე სუარესის მიმართ სიმპათიებითაა განწყობილი და მას საკუთარი გუნდის რიგებში სიამოვნებით იხილავდა.

Goal.com-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელსა და „ბლაუგრანას“ შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. სუარესი ითხოვს, რომ დარჩენილი ხელფასი, 14 მილიონი ევრო სრულად მიიღოს, „ბარსელონა“ კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ ჩავისა და ინიესტას კლუბის დატოვებისას კონტრაქტის გათვალისწინებით დარჩენილი ხელფასი გადაუხადა და ურუგვაელი სწორედ ამაზე აპელირებს. „ბარსელონაში“ კი ამბობენ, რომ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, რადგან ჩავი და ინიესტა კარიერის არაევროპულ კლუბებში გაგრძელებას გეგმავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები