Aa
Aa

პიოლი: „ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ „შემროკთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, საკუთარ გუნდზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი „როსონერის“ ფეხბურთელების გამოსვლით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა „მილანისთვის“ უმნიშვნელოვანესია.

„კმაყოფილი ვარ, რადგან იოლი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი ოფიციალური შეხვედრა ადვილი არასდროსაა და ბევრი სირთულე ახლავს. მხოლოდ 3-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება ძნელია, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და ყველაფერს ვაკონტროლებდით.

ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გამო ოდნავ ვღელავდი, მაგრამ მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ. თანაც ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ.. ვფიქრობ, გუნდმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ნამდვილად მოსამატებელი გვაქვს, რადგან შემდეგში უფრო ძლიერი მეტოქე გვეყოლება.

ჩვენი მთავარი ამოცანა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, გასულ სეზონში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო წყალში ჩაიყრება. ეს კი ნამდვილად არ გვინდა“.

ცნობისთვის, „მილანმა“ ირლანდიური „შემროკი“ 2-0 დაამარცხა. „როსონერის“ მხრიდან გოლები იბრაჰიმოვიჩმა და ჩალჰანოღლუმ გაიტანეს. „შავ-წითლების“ მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „მილანი“ „ბოდო გლიმტს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები