Aa
Aa

"ბედნიერი მხოლოდ დალევის შემდეგ ვიყავი" - ადრიანომ წარსული გაიხსენა

მილანის "ინტერისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და ჟურნალისტებს საკუთარი კარიერის არასახარბიელო წლებზე ესაუბრა. ბრაზილიელის თქმით, მისი არასწორი გზით წასვლა მამის გარდაცვალებას უკავშირდება.

"2004 წელს მამა გარდამეცვალა. არავინ იცის როგორ განვიცადე. მისმა წასვლამ ჩემში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. იმ პერიოდში იტალიაში თავს მარტოსულად ვგრძნობდი და დალევა სწორედ ამის შემდეგ დავიწყე.

ბედნიერი მხოლოდ დალევის შემდეგ ვიყავი. ვსვამდი ყველაფერს, არაყს, ლუდს, ვისკის, ღვინოს.. ვარჯიშზე მთვრალი მივდიოდი, რამაც უდიდესი პრობლემები შემიქმნა. 2007 წლის შემდეგ ნორმალური ფეხბურთი აღარ მითამაშია." - განაცხადა ადრიანომ

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი "ნერაძურის" შემადგენლობაში 2009 წლამდე თამაშობდა, მისი ბოლოს წინა სეზონი კლუბში საშინელი იყო. მხოლოდ 4 ჩატარებული შეხვედრა და 1 გატანილი გოლი. 

"ინტერის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ ადრიანოს შესახებ ისაუბრა და გაიხსენა თუ როგორ ედგა გუნდი გვერდში მას.

"2004/2005 წლების სეზონის დასაწყისში ლეიტე რიბეიროს ბრაზილიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მამა გარდაეცვალა. ეს წარმოუდგენელი იყო, როგორც მისთვის ასევე კლუბის ყველა წევრისთვის.

"იმ მომენტში მის გვერდით ვიყავი, ვხედავდი თუ როგორ დაიწყო ტირილი. მან ტელეფონი ძირს დაახეთქა და ყვიროდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ მე და კლუბის პრეზიდენტმა მორატიმ, ადრიანოს დახმარება გადავწყვიტეთ. გვინდოდა მასთან მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავით და ყველაფრისგან დაგვეცვა.

ჩვენ მას ვუთხარით, რომ რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის ნაზავი იყო და შეეძლო მათზე ბევრად უკეთესი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანომ თამაში გააგრძელა და საოცარი გოლები გაიტანა, საბოლოო ჯამში მაინც ვერ დავეხმარეთ დეპრესიის დამარცხებაში. ის აღარასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც მამის გარდაცვალებამდე." - განაცხადა ძანეტიმ

ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის ყველა გატანილ გოლს მამას უძღვნიდა. 2004 წელს "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კოპა ამერიკის" ფინალში არგენტინის ნაკრებს უკანასკნელ წუთზე ანგარიში გაუთანაბრა(2:2) და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც "სელესაომ" მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადრიანომ 2005 წლის "კონფედერაციის თასის" ფინალში კვლავ არგენტინას დუბლი შეუსრულა და ნაკრებს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. ხსენებულ ჩემპიონატზე ლეიტე რიბეირო საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ადრიანომ 2000 წელს კარიერა "ფლამენგოში" დაიწყო და შესანიშნავი თამაშის გამო "ნერაძურის" სკაუტების ყურადღებაც მიიპყრო. 1 წლის შემდეგ თავდამსხმელი "ინეტრში" გადაბარგდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იგი "ფიორენტინას" შეუერთდა. შემდეგ იყო "პარმა". სადაც მან 2 სეზონი დაჰყო.

2003 წელს "ნერაძურიმ" საბოლოოდ შეისყიდა ადრიანო. 6 ჩატარებული სეზონი, 173 შეხვედრა 73 გატანილი გოლი. ასეთია ბრაზილიელის "ინტერული" სტატისტიკა.

როგორც უკვე მოგახსენეთ რიბეირომ დალევა დაიწყო და სათამაშო ხარისხიც სულ უფრო ცუდი ხდებოდა. იტალიის დატოვების შემდეგ იგი "ფლამენგოში" დაბრუნდა და თითქოს ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდა. 51 მატჩი, 34 გოლი.

2010 წელს ყოფილი ვარსკვლავი ისევ იტალიაში გაემგზავრა, მაგრამ ამჯერად "რომში."  რომაელთა შემადგენლობაში მან მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა. 2011 წელი - "კორინთიასი", 2012 წელი - "ატლეტიკო პარანაენსე", 2013 წელი - "მაიამი იუნაიტედი"

ადრიანოს საფეხბურთო კარიერის ბოლო 3 წელიწადში გუნდიდან ერთი მიზეზის გამო უშვებდნენ - "საუკეთესო უნარები დაკარგული აქვს."

სამწუხაროდ ერთ-ერთმა უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელმა კარიერა ისე დაასრულა, რომ ბევრმა გულშემატკივარმა ვერც გაიგო და თითქოს არც არასდროს უთამაშია..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები