Aa
Aa

დევისის ბრწყინვალე Game winner - ლეიკერსმა დენვერი დაამარცხა

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ „დენვერ ნაგეთსთან“ სერიაში 2-0 დაწინაურდა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრაში კოლორადოელები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და 105-103 იმარჯვეს.

ლოს-ანჯელესელთა ტრიუმფში უდიდესი წვლილი ენტონი დევისმა შეიტანა. მატჩის დასრულებამდე 2.1 წამით ადრე, „დენვერი“ 1 ქულით იგებდა, თუმცა „ეიდიმ“ საფინალო სირენასთან ერთად, კალათში გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი მოათავსა და „ლეიკერსს“ მოაგებინა.

დევისმა ჩაგდებული სამიანის შემდეგ, კობი ბრაიანტის სახელი დაიყვირა... ლებრონმა კი მატჩის შემდეგ, თანაგუნდელი შეაქო და მას განსაკუთრებული კალათბურთელი უწოდა. უმნიშვნელოვანესი ტყორცნის გარდა, დევისი 31 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მას 26 ქულით, 11 მოხსნითა და 4 ასისტით „მეფე“ დაეხმარა. დენი გრინმა და კენტავიუს კალდუელ-პოუპმა 11-11 ქულა გაიფორმეს.

„დენვერს“ 30 ქულით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც „ნაგეთსის“ ბოლო 11 ქულა მიითვალა. ჯამალ მიურეიმ 25 ქულა დააგროვა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა კი შეხვედრა 15 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.

ცნობისთვის, „დენვერისა“ და „ლეიკერსის“ სერიის მესამე შეხვედრას 23 სექტემბერს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები