შერმადინის 17 ქულა და 7 მოხსნა - ტენერიფემ ოვერტაიმში სარაგოსა დაამარცხა
Aa
Aa

შერმადინის 17 ქულა და 7 მოხსნა - ტენერიფემ ოვერტაიმში სარაგოსა დაამარცხა

ლიგა ენდესას პირველ ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „ბასკეტ სარაგოსას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 91-86 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. 75-74-ზე გიომ ორი საჯარიმო ჩააგდო და თავისი გუნდი 3 ქულით დააწინაურა, მაგრამ „სარაგოსამ“ კალათში 3-ქულიანი მოათავსა და ანგარიში გაათანაბრა. „იბეროსტარ ტენერიფეს“ მომდევნო შეტევაში შერმადინს შეეძლო გმირი გამხდარიყო, მაგრამ მისმა 2-ქულიანმა მიზანს არ უწია და ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით ხუთწუთეულში უკეთ ქართველმა ცენტრმა და მისმა თანაგუნდელებმა იასპარეზეს და ლიგა ენდესას ახალ გათამაშებაში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვეს.

„შერმინატორმა“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიომ პარკეტზე 32 წუთი და 24 წამი გაატარა და ამ დროში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 19 გახლდათ და ამ მაჩვენებლით „იბეროსტარ ტენერიფეს“ რიგებში მეორე იყო.

ქართველი ცენტრი მხოლოდ ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა, რომელმაც 23 ქულა გაიფორმა. მარსელინიო უერტასმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა, აარონ დოორნეკამპი 16 ქულას დასჯერდა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ ლიგა ენდესას ეგიდით მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს გამართავს და თბილისის დროით 23:45 წუთზე „ბილბაოს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები