44 გოლი - პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი
Aa
Aa

44 გოლი - პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი

გუშინ "მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით პირველი შეხვედრა ჩაატარა. "ქალაქელები" სტუმრად "ვულვზს" დაუპირისპირდნენ და 1:3 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მატჩი ტურის უკანასკნელი თამაში იყო. 

"მგლების" კარში, გაბრიელ ჟესუსის გატანილი ბოლო გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ეს რიგით 44-ე გოლი იყო, რომელიც პრემიერ ლიგის ამ ტურში გავიდა. ეს კი ახალი რეკორდია. მას შემდეგ, რაც ინგლისის მთავარ ჩემპიონატში 20 გუნდიანი სისტემა ჩამოყალიბდა, ამდენი გოლი ერთ სათამაშო კვირაში არასდროს გასულა.

აქამდე რეკორდი 2011 წელს ფიქსირდებოდა. 9 წლის წინ გუნდებმა ჯამში 43 გოლი გაიტანეს, მაგრამ გუშინ ყველაფერი შეიცვალა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "სიტიმ" "ვულვზს" რევანში აუღო. 2019/2020 წლების სეზონში ეშპირიტუ სანტუმ პეპ გუარდიოლა ორჯერ დაამარცხა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ 1993 წლის 8/9 მაისს, როდესაც ჩემპიონატი 22 გუნდიანი იყო, 53 გოლი გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ერთი თამაშის გარდა ("ასტონ ვილა" - "შეფილდი" 1:0), ყველგან ერთზე მეტი გოლი გავიდა. ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრები კი "ევერტონი" - "ვესტ ბრომვიჩი" 5:2 და "საუთჰემპტონი - "ტოტენჰემი" 2:5 იყო. ორივე მატჩში ჯამში 14 გოლი გავიდა.

მომავალ ტურში გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო თამაში ელოდებათ. იურგენ კლოპის "ლივერპული" შინ კარგ ფორმაში მყოფ "არსენალს" უმასპინძლებს. შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:15-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები