ტრავმა სადებიუტო მატჩში - შენგელიას ცსკა-მ ასტანა გაანადგურა
Aa
Aa

ტრავმა სადებიუტო მატჩში - შენგელიას ცსკა-მ ასტანა გაანადგურა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. „არმიელები“ VTB ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში სტუმრად „ასტანას“ შეერკინენ და მეტოქე 93-60 გაანადგურეს.

შენგელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა. პირველ მეოთხედში ქართველმა მძიმე ფორვარდმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

https://www.youtube.com/watch?v=c2j0ZoNt08w

თოკომ 3 წუთში 2 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მეორე ნახევრის დაწყებამდე იგი გუნდთან ერთად პარკეტზე იყო და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრავმა სერიოზული არაა. უბრალოდ, ანგარიშიდან გამომდინარე, იტუდისმა მისი გამოყვანა არ გარისკა. მატჩის შემდეგ, მოსკოველთა ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თორნიკეს მძიმე დაზიანება არ მიუღია.

შენგელიას გარეშე დარჩენილ ცსკა-ს 21 ქულით მაიკ ჯეიმსმა ულიდერა. მილუტინოვმა და ბოლომბოიმ 15-15 ქულა დააგროვეს. კლაიბერნი და სტრელნიეკსი კი 9 და 8 ქულით გამოირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ცსკა მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს და VTB ლიგის ეგიდით „პარმას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები