Aa
Aa

ტამპა ბეი დაწინაურდა - ლაითნინგმა დალას სტარსი 5-2 დაამარცხა

სტენლის თასის ფინალურ დაპირისპირებაში „ტამპა ბეი” დაწინაურდა. „ლაითნინგმა“ პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ იმარჯვა და სერიის მესამე შეხვედრაში „დალას სტარსი“ 5-2 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში ნიკიტა კუჩეროვმა გახსნა და „ტამპა ბეი“ დააწინაურა. მალევე „ლაითნინგის“ კაპიტანმა, სტივენ სტემკოსმა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მარტის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა, საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. საწყისი პერიოდის შუაწელს „დალასმა“ ერთი გოლი გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც „ტამპა ბეიმ“ ტექსასელთა კარი 3-კერ აიღო და კომფორტული ფორა მოიპოვა. „ლაითნინგის“ მხრიდან თავი ჰედმანმა, პოინტმა და პალატმა გამოიჩინეს. ბოლო პერიოდში „სტარსმა“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო და უშანსოდ დამარცხდა.

მატჩის პირველი ვარსკვლავი ვიქტორ ჰედმანი გახდა. მეორე ვარსკვლავად ბრეიდენ პოინტი დაასახელეს, ხოლო მესამე ვარსკვლავის წოდება ნიკიტა კუჩეროვს ერგო. ცნობისთვის, „ლაითნინგსა“ და „სტარსს“ შორის სერიის მეოთხე შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები